ფსალმუნები თავი 101

1 . ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს.

2 . ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.

3 . რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.

4 . დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.

5 . ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.

6 . ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.

7 . უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.

8 . ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ.

9 . რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;

10 . შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე.

11 . ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.

12 . შენ კი უფალო, საუკუნოდ იარსებებ და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება.

13 . შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.

14 . რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი მტვერი ენანებათ.

15 . შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.

16 . რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით.

17 . მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.

18 . დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.

19 . რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან ქვეყანა მოიხილა.

20 . რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.

21 . რათა აუწყონ სიონზე სახელი უფლისა და ქება მისი - იერუსალიმში.

22 . როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.

23 . გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.

24 . ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;

25 . უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.

26 . ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.

27 . შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან.

28 . ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება.