ნეემია თავი 9

1 . იმავე თვის ოცდამეოთხე დღეს მარხვით შეიკრიბნენ ისრაელის ძენი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მიწადაყრილნი.

2 . გამოეყვნენ ისრაელის შთამომავალნი ყველა უცხოელს, დადგნენ და თავიანთი ცოდვები და მამების უმართლობა აღიარეს.

3 . თავ-თავის ადგილებზე იდგნენ და მეოთხედი დღე უფლის, თავისი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, დღის მეორე მეოთხედი კი აღიარებასა და უფლის, თავიანთი ღმერთის თაყვანისცემაში იყვნენ.

4 . დადგნენ ლევიანთა აღსავალზე იეშუა, ბანაი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია, ბანი და ხენანი და დიდი ხმით შეღაღადებდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.

5 . ამის შემდეგ ლევიანები - იეშუა, კადმიელი, ბანი, ხაშაბნეია, შერებია, ჰოდია, შებანია, ფეთახია ამბობდნენ: "ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი უკუნითი უკუნისამდე! და კურთხეულ იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყოველ კურთხევასა და ქებას აღემატება.

6 . შენ, შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ, შენ შექმენი ცანი, ცანი ცათანი და მთელი მათი მხედრობა, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვები და ყოველივე, რაც მათშია; შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი.

7 . შენ ხარ უფალი, ღმერთი, რომელმაც გამოარჩიე აბრამი, გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან და აბრაჰამი დაარქვი სახელად.

8 . ერთგულად სცანი მისი გული შენ წინაშე და აღთქმა დაუდე, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა ქვეყანას მისცემდი მისი შთამომავლობისთვის დასამკვიდრებლად;

9 . იხილე ჩვენი მამების ტანჯვა ეგვიპტეში და ისმინე მათი ღაღადი წითელ ზღვასთან.

10 . ნიშნები და სასწაულები დაუშვი ფარაონზე, მის ყველა მონასა და მთელი მისი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ ამპარტავნულად ექცეოდნენ მათ და დღემდე გაითქვი სახელი შენი.

11 . ზღვა გააპე მათ წინაშე და მშრალზე გაიარეს შუა ზღვაში, მათი მდევრები კი სიღრმეში ჩაყარე, როგორც ქვები დიდ წყლებში.

12 . ღრუბლის სვეტით უძღოდი მათ დღისით და ცეცხლის სვეტით - ღამე, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.

13 . სინაის მთაზე დაეშვი და ზეციდან ელაპარაკე მათ; სამართლიანი დადგენილებანი და ჭეშმარიტი რჯული, წესები და კეთილი მცნებანი დაუდგინე.

14 . შენი წმიდა შაბათი აუწყე მათ, მცნებანი, წესდებანი და რჯული დაუწესე მოსეს, შენი მსახურის ხელით.

15 . მიეცი პური ზეციდან შიმშილის დასაცხრომად და კლდიდან წყალი გადმოუდინე წყურვილის მოსაკლავად; უთხარი, რომ შესულიყვნენ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომელიც ფიცით გქონდა მათთვის აღთქმული.

16 . მაგრამ გაიმაგრეს ქედი ჩვენმა მამებმა, გაამაყდნენ და არ ისმინეს შენი მცნებანი.

17 . არ ინებეს მოსმენა და არ გაიხსენეს შენი საკვირველებანი, რომლებიც მოიმოქმედე მათ შორის; ქედები გაიმაგრეს და წინამძღოლი დაიყენეს, რათა ურჩობით მონობაში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ შენ, ღმერთო მიმტევებელო, მადლიანო, შემბრალებელო, სულგრძელო და დიდად მოწყალევ, შენ არ მიატოვე ისინი.

18 . თუმცა მათ ხბო ჩამოასხეს და ამბობდნენ: ესააო შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან! და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს მათ,

19 . მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში, დღისით ღრუბლის სვეტი არ განშორებია მათ გამძღოლად და ღამით ცეცხლის სვეტი, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.

20 . შენი კეთილი სული მიეცი მათ შესაგონებლად, შენი მანნა არ მოგიკლია მათი პირისთვის და წყალი - მათი მწყურვალებისას.

21 . ორმოც წელს ინახავდი მათ უდაბნოში, არაფერი მოჰკლებიათ - სამოსელი მათი არ გაცვეთილა და ფეხები მათი არ დასიებულა.

22 . მიეცი მათ სამეფოები და ხალხები, მიწები დაუნაწილე მათ და დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანას.

23 . ცის ვარსკვლავებივით გაამრავლე მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ეუბნებოდი მათ მამებს, რომ შესულიყვნენ მის დასამკვიდრებლად.

24 . შევიდნენ ძენი და დაიმკვიდრეს ქვეყანა; დაუმორჩილე მათ ქანაანელთა ქვეყნის მკვიდრნი, ხელში ჩაუგდე ისინი, მათი მეფენი და ქვეყნის ხალხნი, რომ საკუთარი ნებისამებრ მოქცეოდნენ მათ.

25 . დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები და ნოყიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, ამოკვეთილი ჭები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები და ნაყოფიერი ხეები მრავლად; ჭამეს, გაძღნენ, გასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ შენი დიდი სიკეთის წყალობით.

26 . მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.

27 . ამიტომ ჩაყარე ისინი მტრების ხელთ, რათა შეევიწროებინათ. შემოგღაღადებდნენ შეჭირვების ჟამს და შენც უსმენდი ზეციდან შენი დიდი სიბრალულისამებრ, მხსნელთ მოუვლენდი და იხსნიდნენ ისინი მათ მტრების ხელიდან.

28 . სულს მოითქვამდნენ თუ არა, კვლავ ბოროტად იქცეოდნენ შენ წინაშე. ამიტომ, კვლავ მტრების ხელში ყრიდი მათ და ისინი ბატონობდნენ მათზე; შემოგღაღადებდნენ და ისევ ისმენდი ზეციდან, მრავალჯერ გამოიხსნიდი მათ, შენი დიდი სიბრალულისამებრ.

29 . შეაგონებდი მათ, რომ შენს რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ურჩობდნენ და არ ისმენდნენ შენს მცნებებს; არღვევდნენ შენს კანონებს, რომლის დაცვითაც იცოცხლებს კაცი; ზურგი გაქციეს, ქედი გაიმაგრეს და არაფერს ისმენდნენ.

30 . მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.

31 . და მაინც, შენი დიდი სიბრალულის გამო, ბოლომდე არ გაგინადგურებია და მიგიტოვებია ისინი, რადგან მწყალობელი და შემბრალე ღმერთი ხარ შენ.

32 . ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, მცირედ ნუ ჩათვლი მთელ იმ უბედურებას, რომელიც გვეწია ჩვენ, ჩვენს მეფეთ, მთავრებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველთ, მამებსა და მთელ შენს ხალხს, აშურის მეფეთა დღეთაგან დღემდე.

33 . მართალი ხარ ყველაფერში, რაც ჩვენზე მოაწიე, რადგან ერთგულად მოგვექეცი, ჩვენ კი ბოროტებით გპასუხობდით.

34 . არც ჩვენი მეფენი, მთავარნი, მღვდლები და მამები აღასრულებდნენ შენს რჯულს, არც შენს მცნებებსა და შეგონებებს უსმენდნენ, რომლებითაც შეაგონებდი მათ.

35 . თავის სამეფოშიც კი - ვრცელ და პოხიერ ქვეყანაში, რომელიც შენ მიეცი მათ - არ გემსახურებოდნენ და თავის ბოროტ საქმეებზე უარს არ ამბობდნენ.

36 . აჰა, დღეს მონები ვართ და ტყვეობაში ვართ იმ მიწაზე, რომელიც მიეცი ჩვენს მამებს მისი ნაყოფისა და დოვლათის საჭმელად.

37 . მოსავალს ვიმკით მეფეთათვის, რომლებიც ჩვენი ცოდვების გამო დაგვიდგინე და თავისი სურვილისამებრ ბატონობენ ჩვენს სხეულებსა და პირუტყვზე; აჰა, დიდ შეჭირვებაში ვართ.

38 . ყოველივე ამის გამო, მტკიცე აღთქმას ვდებთ წერილობით, ჩვენი მთავრები, ლევიანნი და მღვდლები კი ბეჭედს უსვამენ”.