ნეემია თავი 8

1 . და ერთი კაცივით შეიკრიბა მთელი ხალხი იმ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ რომ იყო, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.

2 . მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა: მამაკაცებისგან, დედაკაცებისგან და ყველა იმათგან, ვისაც მოსმენისა და გაგების უნარი შესწევდა.

3 . განთიადიდან შუადღემდე კითხულობდა მოედანზე, რომელიც წყლის კარიბჭის წინ იყო, მამაკაცთა, დედაკაცთა და გამგებთა წინაშე; მთელი ხალხის ყურადღება რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.

4 . იდგა ეზრა მწიგნობარი ხის კვარცხლბეკზე, რომელიც ამ ამბის გამო გააკეთეს. გვერდში ედგნენ: მათითია, შემა, ყანაია, ურია, ხილკია და ზაქარია - მარჯვნივ, მარცხნივ კი - ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა, ზაქარია და მეშულამი.

5 . გახსნა ეზრამ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა იგი; და როდესაც გახსნა, მთელი ხალხი წამოდგა ფეხზე.

6 . და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდებული ღმერთი. მთელი ხალხი კი ხელაპყრობილი პასუხობდა "ამინ! ამინ!” და თაყვანს სცემდა უფალს პირქვე დამხობილი.

7 . იეშუა, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები განუმარტავდნენ ხალხს რჯულს, ხალხი კი იდგა თავის ადგილზე.

8 . გარკვევით კითხულობდნენ ისინი წიგნს, ღმერთის რჯულს, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს.

9 . ნეემია განმგებელმა, ეზრა მღვდელმა და მწიგნობარმა და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: "ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის - ნუ გლოვობთ და ნუ ტირით!” რადგან მთელი ხალხი ტიროდა, რჯულის სიტყვების მოსმენისას.

10 . უთხრა: "წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი, ნაწილი კი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარული თქვენი ძალაა”.

11 . ლევიანებიც ამშვიდებდნენ მთელ ხალხს ამ სიტყვებით: "დაწყნარდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ ნაღვლობთ”.

12 . წავიდა მთელი ხალხი საჭმელად და სასმელად, წილობების გასაგზავნად და დიდი ზეიმის აღსანიშნავად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომლებიც განუცხადეს მათ.

13 . მეორე დღეს ეზრა მწიგნობართან შეიკრიბნენ მთელი ხალხის მამისსახლთა თავკაცები, მღვდლები და ლევიანები, რათა ჩასწვდომოდნენ რჯულის სიტყვებს.

14 . აღმოაჩინეს რჯულში დაწერილი, როგორ ამცნო უფალმა თავის ხალხს მოსეს მეშვეობით, რომ ისრაელის ძეებს კარვებში უნდა ეცხოვრათ მეშვიდე თვის დღესასწაულზე.

15 . ისინიც ადგნენ, გამოაცხადეს და ხმა გაავრცელეს ყველა ქალაქსა და იერუსალიმში: "გადით მთაზე და მოიტანეთ ზეთისხილის რტოები, ნაძვის ხის რტოები, პალმისა და სხვა ხეების რტოები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით”.

16 . გავიდა ხალხი, მოიტანეს და გაიკეთეს კარვები, თითოეულმა თავის ბანზე, თავის ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის მოედანზე და ეფრემის კარიბჭის მოედანზე.

17 . კარვები გაიკეთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა და ცხოვრობდნენ მათში, რადგან იეშუა ნავეს ძის დღეებიდან ამ დღემდე არ გაუკეთებიათ ასე ისრაელის ძეთ. და იყო ფრიად დიდი სიხარული.

18 . კითხულობდა ეზრა ღმერთის რჯულის წიგნს ყოველდღე, პირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდი დღე იზეიმეს დღესასწაული, მერვე დღეს კი შეკრება ჰქონდათ წესისამებრ.