მსაჯულნი თავი 8

1 . უთხრეს მას ეფრემის კაცებმა: "ასე რატომ მოგვექეცი, რატომ არ გვიხმე, მიდიანთან რომ მიდიოდი საბრძოლველად?” მაგარი კამათი გაუმართეს.

2 . მიუგო გედეონმა: "თქვენოდენი რა გამიკეთებია? ეფრემის ყურძნის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს?

3 . ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები, ყორები და ზეები; მე სად შემეძლო თქვენოდენი გამეკეთებინა?” და დაცხრა მათი რისხვა, როცა უთხრა ეს სიტყვები.

4 . მიადგნენ დევნისგან დაქანცული გედეონი და მასთან მყოფი სამასი კაცი და გადალახეს იორდანე.

5 . სთხოვა მან სუქოთელებს: "მიეცით პური ხალხს, მე რომ მომყვება, რადგან მოიქანცნენ; მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებახს და ცალმუნაყს”.

6 . ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: "განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთ შენს ლაშქარს?”

7 . თქვა გედეონმა: "როცა ხელში ჩამიგდებს უფალი ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ეკლით და კვრინჩხის ტოტებით დაგიფლეთთ ხორცს”.

8 . იქიდან ფენუელს მიადგა და იგივე სთხოვა; ფენუელის მკვიდრებმაც უარი უთხრეს სუქოთელებივით.

9 . მაშინ ფენუელის მკვიდრთაც იგივე უთხრა: "უკან რომ მოვბრუნდები დავანგრევ ამ კოშკს”.

10 . კარკორში იდგნენ ზებახი და ცალმუნაყი თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტი ათასამდე კაცით, რომლებიც აღმოსავლეთის ძეთა ლაშქრიდან გადარჩენილიყვნენ; დაცემით კი ასოცი ათასი კაცი დაეცა, მახვილის ხელში ამღები.

11 . და წავიდა გედეონი კარვებში მობინადრეთა გზით, შემოუარა ნობახისა და იოგბოჰას აღმოსავლეთიდან და დაეცა ლაშქარს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი.

12 . გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი, დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიც და ცალმუნაყიც. შიშის ზარი დაეცა მთელ ლაშქარს.

13 . ბრძოლის შემდეგ ქერესის მაღლობიდან უკან გამობრუნდა გედეონ იოაშის ძე.

14 . შეიპყრო ერთი სუქოთელი ჭაბუკი, დაჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი მთავრისა და უხუცესის სახელი.

15 . მოვიდა სუქოთის კაცებთან და უთხრა: "აჰა, ზებახი და ცალმუნაყი, ამათ გამო დამცინოდით და მეუბნებოდით: განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთო შენს დაქანცულ ხალხს?”

16 . გაიყვანა ქალაქის უხუცესნი, აიღო უდაბნოს ეკალი და კვრინჩხის ტოტები და იმით დასაჯა სუქოთის კაცები.

17 . ფენუელის კოშკიც დაანგრია და მოსრა იმ ქალაქის კაცები.

18 . უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს: "როგორები იყვნენ ის კაცები, თაბორში რომ დახოცეთ?” უპასუხეს: "შენი მსგავსნი იყვნენ, მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით”.

19 . თქვა გედეონმა: "ჩემი ძმები იყვნენ ისინი, დედაჩემის ძენი. უფალს გეფიცებით არ დაგხოცავდით, ხელი რომ არ გეხლოთ მათთვის”.

20 . და უთხრა იეთერს, თავის პირმშოს: "ადექი და დახოცე ესენი!” ვერ გაბედა ყრმამ მახვილის ამოღება, შეშინდა, რადგან ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო.

21 . უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: "ადექი და შენ დაგვხოცე, რადგან როგორიც კაცია, ისეთივეა მისი ძალაც”. ადგა გედეონი, განგმირა ზებახი და ცალმუნაყი და მათ აქლემებს ნახევარმთვარეები ჩამოხსნა კისრიდან.

22 . უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: "იუფლე ჩვენზე შენც, შენმა ძემაც და შენი ძის ძემაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანელთა ხელისგან”.

23 . უპასუხა გედეონმა: "მე არ ვიუფლებ თქვენზე და არც ჩემი ძე იუფლებს თქვენზე, უფალი უფლობდეს თქვენზე”.

24 . უთხრა გედეონმა: "ერთი თხოვნა მაქვს: თითოეულმა ერთი საყურე მომცეს თავისი ნადავლიდან”. ოქროს საყურეები ეკეთათ, რადგან ისმაელიანები იყვნენ.

25 . უპასუხეს: "მოგცემთ”. გაშალეს მოსასხამი და თითოეულმა თითო საყურე დააგდო თავისი ნადავლიდან.

26 . ათას შვიდასი შეკელი იყო გამოთხოვილი ოქროს საყურეების წონა. გარდა მიდიანის მეფეებისგან ართმეული ნახევარმთვარეებისა, გულსაკიდებისა, მეფეთა ძოწეულისა და აქლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ჯაჭვებისა.

27 . ეფოდი გააკეთა ამისგან გედეონმა და თავის ქალაქში, ყოფრაში გამოფინა. და მეძავობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლეულს.

28 . დაემორჩილა მიდიანი ისრაელის ძეებს, მეტად აღარ აუწევიათ თავი და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლის დღეებში.

29 . წავიდა იერუბაყალი, იოაშის ძე და ცხოვრობდა თავის სახლში.

30 . სამოცდაათი ძე ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ჰყავდა.

31 . შექემელმა ხარჭამაც უშვა ძე და დაარქვა სახელად აბიმელექი.

32 . მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიკრძალა მამის, იოაშის აკლდამაში, აბიყეზერის ყოფრაში.

33 . ბაყალის კვალზე გადაუხვიეს ისრაელის ძეებმა გედეონის სიკვდილის შემდეგ და ღმერთად დაიდგეს ბაყალ-ბერითი.

34 . აღარ ახსოვდათ ისრაელის ძეებს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ირგვლივ მყოფი ყველა მტრის ხელიდან იხსნა ისინი.

35 . არც იერუბაყალ-გედეონის სახლეულისადმი გამოიჩინეს წყალობა, იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.