მსაჯულნი თავი 18

1 . იმ დღეებში მეფე არ ჰყავდა ისრაელს; იმ დროს დანის ტომი თავის წილხვედრ მიწას დაეძებდა დასამკვიდრებლად, რომ იქ დასახლებულიყო, რადგან ჯერაც არ ჰქონდათ მიღებული დანის ძეებს თავისი წილი ისრაელის ტომთა შორის.

2 . ხუთი კაცი გაგზავნეს დანის ძეებმა თავიანთი ტომიდან ქვეყნის დასაზვერად და გამოსაკვლევად. მამაცი კაცები იყვნენ ცორყადან და ეშთაოლიდან. უთხრეს: "წადით და გამოიკვლიეთ ქვეყანა”. და მივიდნენ კაცები ეფრემის მთაზე მიქას სახლთან და იქ გაათიეს ღამე.

3 . ეცნოთ ყმაწვილი ლევიანის ხმა მიქას სახლთან ყოფნისას, შევიდნენ და უთხრეს: "აქ ვინ მოგიყვანა, ამ ადგილას რას აკეთებ, ან აქ რა გინდა?”

4 . მიუგო: "ასე და ასე მომირიგდა მიქა, დამიქირავა და მღვდლად გავუხდი”.

5 . უთხრეს: "გთხოვთ, ჰკითხე ღმერთს, გვინდა ვიცოდეთ წარმატებული იქნება თუ არა ჩვენი გზა, რომელსაც ვადგავართ?”

6 . უთხრა მათ მღვდელმა: "მშვიდობით წადით; უფლის წინაშეა თქვენი გზა, რომელსაც ადგახართ”.

7 . და წავიდა ეს ხუთი კაცი, მივიდა ლაიშში და ნახა უზრუნველად მცხოვრები ხალხი, ციდონელთა მსგავსი, მშვიდი და უსაფრთხო, ქვეყანაზე არავინ აწუხებს და არავინ ებატონება, ციდონელებისგან შორს მკვიდრობს და კაციშვილთან საქმე არა აქვს.

8 . და დაბრუნდნენ თავის ძმებთან ცორყაში და ეშთაოლში. ჰკითხეს ძმებმა: "რას იტყვით?”

9 . უპასუხეს: "ადექით და გავილაშქროთ მათზე, რადგან ვნახეთ მათი ქვეყანა და, აჰა, ძალიან კარგია. რაღას ელით? ნუღარ დააყოვნებთ, წადით იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად.

10 . როდესაც წახვალთ, უზრუნველ ხალხთან მიხვალთ; მიწაც ფართოა და ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ ის. ისეთი ნაყოფიერი ადგილია, რომ არაფერი აკლია ქვეყანაზე”.

11 . და გამოვიდა დანის ტომის საგვარეულოთაგან, ცორყადან და ეშთალონიდან, ექვსასი კაცი, საბრძოლო იარაღით აღჭურვილი.

12 . ავიდნენ და კირიათ-იერაყიმში, იუდაში დაბანაკდნენ, ამიტომ უწოდებენ დღემდე ამ ადგილს დანის ბანაკს. ეს ადგილი კირიათ-იეყარიმის უკანაა.

13 . იქიდან ეფრემის მთაზე ავიდნენ და მიქას სახლამდე მივიდნენ.

14 . ხუთმა კაცმა, ლაიშის ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, უთხრა მოძმეებს: "თუ იცით, რომ ამ სახლებიდან ერთ-ერთში ეფოდი ინახება, ასევე საოჯახო კერპები, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. ახლა მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ?”

15 . გადაუხვიეს გზიდან, მივიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში და მოიკითხეს მშვიდობით.

16 . ხოლო საბრძოლო იარაღით აღჭურვილი ექვსასი დანისტომელი კაცი, ჭიშკართან დადგა.

17 . ავიდა ის ხუთი კაცი, ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, შევიდა შიგნით, აიღო ეფოდი, საოჯახო კერპები, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი; მღვდელი კი ჭიშკართან იდგა და მასთან ერთად ექვსასი საბრძოლო იარაღით აღჭურვილი კაცი.

18 . მიქას სახლში შევიდნენ ისინი და აიღეს ეფოდი, საოჯახო კერპები, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი; და ჰკითხა მღვდელმა: "რას აკეთებთ?”

19 . უთხრეს: "გაჩუმდი, პირზე ხელი აიფარე და გამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გირჩევნია, ერთი კაცის და ერთი ოჯახის მღვდლობა, თუ ისრაელის ტომისა და საგვარეულოს მღვდლობა?”

20 . და გაიხარა მღვდლის გულმა, აიღო ეფოდი, საოჯახო კერპები, თერაფიმი, ჩამოსხმული კერპი და ხალხს შეუერთდა.

21 . გაბრუნდნენ და წავიდნენ, ბავშვები, პირუტყვი და ქონება წინ გაუშვეს.

22 . გამოცილებულები იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიკრიბნენ მიქას კარის მეზობლები და დაედევნენ დანის ძეებს,

23 . მიჰყვიროდნენ დანის ძეებს. მობრუნდნენ დანის ძეები და უთხრეს მიქას: "რა დაგემართა, რას შეკრებილხართ?”

24 . უთხრა მიქამ: "ჩემი გაკეთებული კერპები გაიტაცეთ, ჩემი მღვდელი წაიყვანეთ და წახვედით, მეტი რაღა დამრჩენია? როგორღა მეკითხებით, რა დაგემართაო?!”

25 . უთხრეს დანის ძეებმა: "ნუღარ გაგვაგონებ შენს ხმას, თორემ დაგეცემიან ჩვენ შორის მყოფი განრისხებული კაცები და სიცოცხლეს დაკარგავ შენც და შენი სახლეულიც”.

26 . წავიდნენ დანის ძენი თავისი გზით; და დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები არიან ისინი, გატრიალდა და დაბრუნდა სახლში.

27 . წაიღეს მიქას ნაკეთობანი და მისი მღვდელიც თან წაიყვანეს, მივიდნენ ლაიშში მშვიდ და უზრუნველ ხალხთან, მახვილის პირით მოსრეს ისინი და ცეცხლს მისცეს ქალაქი.

28 . არ ჰყავდათ მხსნელი, რადგან შორს იყო ციდონისგან და კაციშვილთან არ ჰქონდათ საქმე. ველზე მდებარეობდა ბეთ-რეხობის მახლობლად. და ააშენეს ქალაქი და ცხოვრობდნენ მასში.

29 . უწოდეს ქალაქს სახელად დანი, მათი მამის, ისრაელის ძის, დანის გამო, თავდაპირველად კი ქალაქს ლაიში ერქვა.

30 . და აღმართეს ქანდაკება თავისთვის დანის ძეებმა; და იონათანი, გერშომის ძე, მენაშეს ძისა, ის და მისი ძენი იყვნენ დანის ძეთა ტომის მღვდლები, სანამ ტყვეობაში აღმოჩნდა ქვეყანა.

31 . და ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკება მთელი ის ხანი, სანამ შილოში იყო ღმერთის სახლი.