მსაჯულნი თავი 17

1 . იყო კაცი ეფრემის მთიდან, სახელად მიქა ერქვა.

2 . უთხრა დედამისს: "ათას ასი შეკელი ვერცხლი, შენგან რომ წაიღეს და რომლის გამოც ჩემს გასაგონად იწყევლებოდი, ჩემთანაა ეს ვერცხლი, მე ავიღე”. უპასუხა დედამისმა: "კურთხეულ იყავ შვილო, უფლის მიერ!”

3 . და როცა დედამისს ათას ასი შეკელი ვერცხლი დაუბრუნა, უთხრა დედამისმა: "მთლიანად ვწირავ ამ ვერცხლს უფალს ჩემი ძისთვის, რათა კერპი ჩამოასხას და გამოკვეთოს, ამიტომ, კვლავ შენ გიბრუნებ ახლა”.

4 . როცა დაუბრუნა ფული დედამისს, აიღო დედამ ორასი შეკელი ვერცხლი და მისცა გადამდნობელს, რომელმაც ქანდაკება ჩამოასხა და გამოკვეთა; და იდგა იგი მიქას სახლში.

5 . ამ კაცს, მიქას, ღმერთების სახლი ჰქონდა. გაიკეთა ეფოდი და საოჯახო კერპები, აკურთხა თავისი ერთ-ერთი ძე და მღვდლად დაიყენა.

6 . იმ დღეებში მეფე არ იყო ისრაელში და თითოეული იმას აკეთებდა, რაც თვითონ მიაჩნდა სამართლიანად.

7 . ცხოვრობდა იქ ერთი იუდეველი ჭაბუკი, ლევიანი იყო, ბეთლემიდან.

8 . წამოვიდა ეს კაცი იუდას ბეთლემიდან, რათა იქ ეცხოვრა, სადაც მოუხერხდებოდა. გზად მიმავალი, ეფრემის მთებში, მიქას სახლს მიადგა.

9 . ჰკითხა მას მიქამ: "საიდან მოდიხარ?” უპასუხა: "ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, საცხოვრებელ ადგილს ვეძებ”.

10 . უთხრა მიქამ: "დარჩი ჩემთან და გამიხდი მამად და მღვდლად; ვერცხლის ათ შეკელს მოგცემ წელიწადში, საზრდოსა და სამოსელთან ერთად”.

11 . დათანხმდა ლევიანი იმ კაცთან ცხოვრებას და გახდა ჭაბუკი, როგორც ერთი მისი ძეთაგანი.

12 . განაწესა მიქამ ლევიანი; და გახდა ჭაბუკი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში.

13 . ამბობდა მიქა: "ახლა კი ვიცი, რომ სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად”.