მსაჯულნი თავი 14

1 . ჩავიდა სამსონი თიმნათში, ნახა იქ ერთი ფილისტიმელი ქალი და მოეწონა.

2 . აბრუნდა და უთხრა თავის მამას და დედას: "ერთი ფილისტიმელი ქალი ვნახე თიმნათში, ის მომიყვანეთ ცოლად”.

3 . უთხრეს მამამ და დედამ: "ნუთუ ქალი დაილია შენს სანათესაოში და მთელს შენს ხალხში, წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს?” უთხრა სამსონმა მამამისს: "ის მომიყვანე, რადგან მომეწონა”.

4 . არ იცოდა მისმა დედ-მამამ, რომ უფლისგან იყო ეს, ფილისტიმელებზე შურის საძიებელ საბაბს ეძებდა; ფილისტიმელები ბატონობდნენ ისრაელზე იმ დროს.

5 . და წავიდა სამსონი თავის მშობლებთან ერთად თიმნათში. თიმნათის ვენახებს რომ მიუახლოვდნენ, აჰა, ლომის ბოკვერი მოდის მათკენ ღრიალით.

6 . უფლის სული გადმოვიდა მასზე და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია, მაგრამ მშობლებისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.

7 . ჩავიდა, ელაპარაკა ქალს და მოეწონა იგი სამსონს.

8 . რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა მის წასაყვანად; შეუხვია ლომის ჩონჩხის სანახავად და აჰა, ფუტკრის გუნდი და თაფლია ლომის ჩონჩხში.

9 . მტევანზე გადმოიფხიკა თაფლი, მიდიოდა და ჭამდა გზადაგზა. წამოეწია თავის დედ-მამას, მისცა თაფლი და მათაც ჭამეს. და არ უთქვამს, რომ ლომის ჩონჩხიდან იყო გამოღებული.

10 . ჩავიდა სასიძოს მამა ქალთან და იქვე გამართა სამსონმა ნადიმი, როგორც ამას ჭაბუკები აკეთებდნენ ხოლმე.

11 . როცა ნახეს იგი, გამოარჩიეს ოცდაათი მაყარი, რათა მასთან ყოფილიყვნენ.

12 . უთხრა მათ სამსონმა: "ერთ გამოცანას გეტყვით; თუ გამოიცნობთ ამ შვიდდღიანი ნადიმის დროს, ოცდაათ ხელ სელის სამოსსა და ოცდაათ ხელ საცვალს მოგცემთ.

13 . თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი სელის სამოსი და ოცდაათი ხელი საცვალი”. უთხრეს: "გვითხარი გამოცანა, მოგისმენთ”.

14 . უთხრა: "მჭამელისგან საჭმელი გამოვიდა და ძლიერისგან ტკბილი გამოვიდა”. სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა.

15 . მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს: "დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვად მოგვიპატიჟეთ?”

16 . ქვითინებდა სამსონის ცოლი მის წინაშე და ეუბნებოდა: "არ გიყვარვარ, არამედ გძულვარ - გამოცანა მიგიცია მაყრებისთვის, ახსნას კი არ მეუბნები”. უპასუხა: "ჩემი დედ-მამისთვის არ მითქვამს და შენ როგორ გეტყვი?”

17 . შვიდ დღეს შესტიროდა ქალი სამსონს, რამდენ ხანსაც ნადიმი გრძელდებოდა. მეშვიდე დღეს მობეზრდა და გაუმხილა პასუხი, მან კი თავისი ხალხის ძეებს უთხრა;

18 . და უთხრეს სამსონს ქალაქის კაცებმა, მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე: "რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი?” მიუგო: "ჩემი დეკეულით რომ არ გეხნათ, ვერ ამოხსნიდით ჩემს გამოცანას”.

19 . გადმოვიდა მასზე უფლის სული, ჩავიდა აშკელონში, დახოცა ოცდაათი იქაური კაცი, გახადა სამოსელი და მისცა გამოცანის გამომცნობთ. რისხვით აღენთო და წავიდა თავისი მამის სახლში,

20 . სამსონის ცოლი კი ერთ-ერთ მაყარს მისცეს ცოლად.