მსაჯულნი თავი 12

1 . შეიკრიბნენ ამის შემდეგ ეფრემის კაცები, გადავიდნენ ცაფონში და უთხრეს იფთახს: "ყამონის ძეებთან საომრად რომ მიდიოდი, ჩვენ რატომ არ დაგვიძახე? სახლკარიანად ამოგბუგავთ”.

2 . უთხრა მათ იფთახმა: "მე და ჩემს ხალხს დიდი მტრობა გვქონდა ყამონის ძეებთან, დაგიძახეთ, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან.

3 . როცა დავინახე, რომ არ დამიხსნიდით, გავბედე, წავედი ყამონის ძეთა წინააღმდეგ და ხელში ჩამიგდო ისინი ღმერთმა. რაღად გამოხვედით დღეს ჩემთან საომრად?”

4 . შეკრიბა იფთახმა გილყადის ყველა მკვიდრი და ბრძოლა გაუმართა ეფრემს, და მოსრეს გილყადელებმა ეფრემი, რადგან ამბობდნენ: გილყადელები ეფრემის ლტოლვილნი არიანო. ეფრემსა და მენაშეს შორისააო გილყადი.

5 . და გადაუჭრეს გილყადელებმა ეფრემს იორდანეზე გადასასვლელი გზები; და როცა რომელიმე გაქცეული ეფრემელი ითხოვდა, იორდანეს გადმოვლახავო, ჰკითხავდნენ გილყადელი კაცები, შენ ხომ ეფრემიანი ხარო? თუ იუარებდა,

6 . ეტყოდნენ: "აბა თქვი "შიბოლეთ”. თუ იტყოდა "სიბოლეთ”, რადგან სხვაგვარად არ შეეძლო, მაშინ შეიპყრობდნენ და კლავდნენ იორდანეს გადასასვლელთან. ორმოცდაორი ათასი კაცი დაეცა იმ დროს ეფრემიდან.

7 . ექვსი წელი განსჯიდა იფთახი ისრაელს; მოკვდა გილყადელი იფთახი და დამარხეს გილყადის ერთ-ერთ ქალაქში.

8 . მის შემდეგ ბეთლემელი იბცანი განსჯიდა ისრაელს.

9 . ოცდაათი ვაჟი ჰყავდა და ოცდაათი ასული. ასულები ტომის გარეთ გაათხოვა, ოცდაათი ქალი გარედან მოუყვანა თავის ვაჟებს და შვიდი წელი განსჯიდა ისრაელს.

10 . მოკვდა იბცანი და დაიმარხა ბეთლემში.

11 . მის შემდეგ ელონ ზებულონელი განსჯიდა ისრაელს, ათ წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.

12 . მოკვდა ელონ ზებულონელი და დაიმარხა იალონში, ზებულონის მიწაზე.

13 . მის შემდეგ ყაბდონი განსჯიდა ისრაელს, ფირყათონელი ჰილელის ძე.

14 . ორმოცი ძე ჰყავდა და ოცდაათი შვილიშვილი, სამოცდაათ ჩოჩორზე ამხედრებული. რვა წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.

15 . მოკვდა ყაბდონი, ფირყათონელი ჰილელის ძე და დაიმარხა ფირყათონს, ეფრემის მიწაზე, ყამალეკის მთაზე.