მსაჯულნი თავი 10

1 . აბიმელექის შემდეგ ისრაელის სახსნელად თოლაყი, ძე ფუყასი, ძისა დოდოსი, ისაქარის კაცი აღდგა. შამირში ცხოვრობდა იგი, ეფრემის მთაზე.

2 . ოცდასამი წელი განსჯიდა ისრაელს, მერე მოკვდა და დამარხეს შამირში.

3 . მის შემდგომ გილყადელი იაირი აღდგა და განსჯიდა ისრაელს ოცდაორი წელი.

4 . ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, ოცდაათ ჩოჩორზე ამხედრებული, ოცდაათი ქალაქის მფლობელი, დღემდე ხავოთიაირად წოდებული გილყადის ქვეყანაში.

5 . მოკვდა იაირი და დაიმარხა კამონში.

6 . ისევ ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში, ემსახურებოდნენ ბაყალებს, ყაშთაროთებს, არამისა და ციდონის ღმერთებს, მოაბის, ყამონისა და ფილისტიმის ღმერთებს. მიატოვეს უფალი და აღარ ემსახურებოდნენ მას.

7 . აღინთო უფლის რისხვა ისრაელზე და ხელში ჩაუგდო ისინი ფილისტიმელებსა და ყამონელებს.

8 . იმ წლიდან მოყოლებული ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ ისინი ისრაელიანებს თვრამეტი წელი, ყველა ისრაელიანს, ვინც იორდანეს გაღმა, ამორელთა მიწაზე იყო, გილყადში.

9 . გადალახეს ყამონის ძეებმა იორდანე, რომ შებრძოლებოდნენ იუდას, ბენიამინსა და ეფრემის სახლს. ძლიერ გაუჭირდა ისრაელს.

10 . შეჰღაღადეს უფალს ისრაელის ძეებმა და უთხრეს: "შევცოდეთ შენს წინააღმდეგ, რადგან მივატოვეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაყალებს!”

11 . უთხრა უფალმა ისრაელიანებს: "ხომ დაგიხსენით ეგვიპტელთაგან, ამორელთაგან, ყამონელთაგან და ფილისტიმელთაგან.

12 . ციდონელები, ყამალეკი და მაყონი გავიწროებდნენ; როცა კი შემომღაღადეთ, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან?

13 . თქვენ კი მიმატოვეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს. ამიტომაც აღარ გიხსნით.

14 . წადით და შეჰღაღადეთ იმ ღმერთებს, რომლებიც აირჩიეთ. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში!”

15 . უთხრეს ისრაელის ძეებმა უფალს: "შევცოდეთ; რაც გინდა გვიყავი, ოღონდ დღეს გვიხსენი”.

16 . განიშორეს უცხო ღმერთები თავისი წიაღიდან და შეუდგნენ უფლის მსახურებას; და ვეღარ აიტანა უფალმა ისრაელის ტანჯვა.

17 . შეიყარნენ ყამონელები და დაბანაკდნენ გილყადში. ისრაელიანებიც შეიკრიბნენ და დაბანაკდნენ მიცფაში.

18 . უთხრეს ერთმანეთს გილყადში ხალხმა და მთავრებმა: "ვინც პირველი შეებრძოლება ყამონელებს, ის იყოს გილყადის მკვიდრთა წინამძღოლი”.