მიქა თავი 6

1 . ახლა ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღსდექ და ედავე მთებს, გაიგონებენ შენს ხმას მაღლობები.

2 . ისმინეთ უფლის დავა, მთებო, თქვენც, დედამიწის მარადიულო საფუძველნო, რადგან სარჩელი აქვს უფალს თავისი ხალხის წინააღმდეგ და დავობს ისრაელთან.

3 . ჩემო ხალხო, რა გაგიკეთე ან რით დაგღალე? მიპასუხე.

4 . აკი გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან და გამოგისყიდე! მოსე, აჰარონი და მირიამი წარმოვგზავნე შენ წინაშე!

5 . ჩემო ხალხო, გაიხსენე, რა განიზრახა ბალაკმა, მოაბის მეფემ და რას პასუხობდა მას ბილყამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა შეგეცნო უფლის სამართალი.

6 . რით წარვდგე უფლის წინაშე და ვეთაყვანო მაღალ ღმერთს? ყოვლადდასაწველი ერთწლიანი ხბორებით ხომ არ მივეახლო?

7 . განა ეამება უფალს ათასობით ვერძი, თუნდაც ზეთის ათი ათასი ნაკადული? ჩემი პირმშო ხომ არ მივცე ჩემი დანაშაულისთვის? ნაყოფი ჩემი მუცლისა, ჩემი სულის შეცოდებისათვის?

8 . განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი - მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.

9 . ხმა უფლისა მოუხმობს ქალაქს, და ვინც ბრძენია - შეეშინდება შენი სახელის. გაიგონეთ ხმა არგნისა და მისი შემმართველისა.

10 . ჯერ კიდევ არის უმართლობის საგანძური ბოროტეულის სახლში და დაპატარავებული საწყაო, რომელიც სისაძაგლეა?

11 . განა ავიტან უმართლო სასწორს და ყალბ საწონებს კალთაში?

12 . რადგან დატაცებულით აივსნენ ქალაქის მდიდარნი! ცრუობენ მასში მცხოვრებნი და მათი ენა საცდურია მათ პირში.

13 . ჰოდა, მეც დაგცემ უკურნებლად და გაგატიალებ შენი ცოდვების გამო.

14 . შეჭამ, მაგრამ ვერ გაძღები; ცარიელი გექნება მუცელი; გადაინახავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ, ხოლო, რაც დაგრჩება, მახვილს მიეცემა.

15 . დათესავ, მაგრამ ვერ მოიმკი; ზეთისხილს დაწურავ, მაგრამ ზეთს ვერ იცხებ; მაჭარს დააყენებ, მაგრამ ღვინოს ვერ შესვამ.

16 . ყომრის დადგენილებებსა და ახაბის სახლის ყველა საქმეს ასრულებთ და დადიხართ მათი რჩევებით. ამიტომ გადაგცემ ასაოხრებლად და შენს მცხოვრებთ - სასირცხვოდ; იტვირთავს ჩემი ხალხი შერცხვენას.