მეორე რჯული თავი 4

1 . "ახლა ისმინე, ისრაელ, წესები და სამართალი, რომელსაც გასწავლი შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ, მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი მამების ღმერთი.

2 . არაფერი დაუმატოთ და არც დააკლოთ ჩემგან ნაბრძანებს, რომ დაიცვათ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებანი, რომელთაც მე გიცხადებთ.

3 . იხილეს თქვენმა თვალებმა, რაც უყო უფალმა ბაყალ-ფეღორს: ყველა, ვინც ბაყალ-ფეღორს აჰყვა, მოსპო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენგან.

4 . ხოლო თქვენ, ვინც უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ, დღემდე ცოცხლები ხართ ყველანი.

5 . აჰა, გასწავლეთ წესები და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რათა შეასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.

6 . დაიცავით და აღასრულეთ, რადგან თქვენი სიბრძნე და გონიერებაა ის ხალხთა თვალში, რომლებიც მოისმენენ ამ წესებს და იტყვიან: მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს.

7 . რადგან რომელი ერია ასე დიდი, რომელთანაც ისე ახლოა მისი ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთი, როცა კი შევღაღადებთ მას?

8 . რომელი ერია ისე დიდი, რომელსაც იმ რჯულის მსგავსი წესები და სამართლიანი სამართალი აქვს, როგორსაც დღეს გაძლევთ?

9 . მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს

10 . იმ დღეზე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე წარსდექი ხორებთან და მითხრა უფალმა: "შეკრიბე ხალხი და მოვასმენინებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში დედამიწაზე ცხოვრების მანძილზე და თავიანთ ძეებსაც ასწავლონ”.

11 . მიუახლოვდით და დადექით მთის ძირში, რომელიც ზეცის გულამდე იყო ცეცხლით აალებული და იდგა სიბნელე, ღრუბელი და ნისლი.

12 . და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგულ ცეცხლიდან: სიტყვები გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა გესმოდათ.

13 . გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, ათი მცნება, რომელიც გიბრძანათ აღსასრულებლად; დაწერა მცნებები ქვის ორ დაფაზე;

14 . მაშინ მიბრძანა უფალმა თქვენთვის წესებისა და სამართლის სწავლება, რათა აღასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.

15 . იფხიზლეთ, ვინაიდან არავითარი გამოსახულება არ გიხილავთ იმ დღეს, როცა გელაპარაკებოდათ უფალი ხორებზე, შუაგულ ცეცხლიდან,

16 . რათა არ გაირყვნა და არ გაიკეთოთ თქვენთვის ქანდაკება, რომელიმე კერპის, კაცის ან ქალის გამოსახულება;

17 . დედამიწაზე არსებული რომელიმე ცხოველის ან ცაში მფრენი ფრთოსნის გამოსახულება,

18 . რომელიმე ქვეწარმავლისა დედამიწაზე და მის ქვეშ, წყლებში მყოფი რომელიმე თევზის გამოსახულება;

19 . რათა ცისკენ თვალის აპყრობისას, მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მთელი ციური ლაშქრის დანახვისას, ცდუნებამ არ შეგიპყროთ და არ ეთაყვანოთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, უწილადა ისინი ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.

20 . თქვენ კი გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან, რათა მისი სამკვიდრებელი ხალხი ყოფილიყავით, როგორც დღეს ხართ.

21 . გამირისხდა უფალი თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ ბარაქიან ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდრებლად.

22 . არ უნდა გადავლახო იორდანე, ვინაიდან ამ მიწაზე მოვკვდები; ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ ბარაქიან ქვეყანას.

23 . გაფრთხილდით, არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ; ნუ გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა;

24 . რადგან მშთანმთქმელი ცეცხლია უფალი - თქვენი ღმერთი, ეჭვიანი ღმერთია იგი.

25 . იმ მიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, როცა შეგეძინებათ შვილები და შვილიშვილები, თუ წახდებით და გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, ამით ბოროტებას ჩაიდენთ, უფლის, თქვენი ღმერთის თვალში, მის გასაბრაზებლად.

26 . ცასა და დედამიწას დავიმოწმებ დღეს თქვენთან, რომ ნამდვილად მალე მოისპობით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს; ვერ გაიხანგრძლივებთ იქ ყოფნის დღეებს, არამედ სასტიკად განადგურდებით.

27 . მიმოგფანტავთ უფალი ხალხებში და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც გაგაძევებთ უფალი.

28 . და მოემსახურებით იქ ადამიანის ხელით ხისა და ქვისგან გაკეთებულ ღმერთებს, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით, ვერც ჭამენ და ვერც ყნოსავენ.

29 . მაგრამ, როცა ძებნას დაუწყებთ იქ უფალს, თქვენს ღმერთს, ჰპოვებთ კიდეც მას, თუ მთელი თქვენი გულითა და სულით ეძიებთ.

30 . როცა გაგიჭირდებათ და მოგეწევათ ეს ყოველივე, მომავალ დღეებში, მოუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას.

31 . რადგან მოწყალეა უფალი, თქვენი ღმერთი; არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ; არ დაივიწყებს თქვენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ.

32 . აბა ჰკითხეთ გარდასულ დღეებს, რომლებიც თქვენამდე იყვნენ, დღიდან ღმერთის მიერ ადამიანის შექმნისა დედამიწაზე, ცის ქვეშეთში თუ მომხდარა რაიმე, მსგავსი ამ დიდი საქმისა, ან თუ გაგონილა მისი სადარი?

33 . თუ უსმენია რომელიმე ხალხს შუაგული ცეცხლიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა, როგორც თქვენ ისმინეთ და დარჩით?

34 . თუ უცდია რომელიმე ღმერთს ამდგარიყო და გამოეყვანა ხალხთაგან ერი თავისთვის, გამოცდებით, ნიშნებითა და სასწაულებით, ბრძოლითა და ძლიერი ხელით, შემართული მკლავითა და დიდი საშინელებით, როგორც ეს თქვენმა ღმერთმა გააკეთა თქვენს თვალწინ ეგვიპტეში?

35 . ხომ იხილეთ, რათა გცოდნოდათ, რომ თვით უფალია ღმერთი და სხვა არავინაა მის გარდა.

36 . ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.

37 . ვინაიდან შეიყვარა მან თქვენი მამები, გამოარჩია მათი შთამომავალნი მათ შემდეგ და თვითონ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან თავისი დიდი ძალით,

38 . რათა განდევნოს თქვენზე უფრო ძლიერი, მრავალრიცხოვანი ხალხები თქვენგან და მიგიყვანოთ მათი ქვეყნის მოსაცემად და დასამკვიდრებლად, როგორც ამ დღეს.

39 . გაიგეთ დღეს და აღიბეჭდეთ გულებზე, რომ თვით უფალია ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა ქვეყანაზე, სხვა არავინაა.

40 . დაიცავით მისი წესები და მისი მცნებანი, რომელთაც მე გაძლევთ დღეს, რათა კეთილი მოგეგოთ თქვენ და თქვენს ძეებს თქვენს შემდგომ და რათა გაიხანგრძლივოთ დღეები მიწაზე, რომელსაც სამარადისოდ გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი”.

41 . მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით,

42 . მკვლელის გასაქცევად, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდა მოყვასი და არ ჰქონია მანამდე მისი სიძულვილი; რომ გაქცეულიყო ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანში და ეცოცხლა.

43 . ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენისა იყო, რამოთი გილყადში - გადისა, ხოლო გოლანი ბაშანში - მენაშესი.

44 . და ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელის ძეებს.

45 . ესაა მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც უთხრა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,

46 . იორდანეს გამოღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ამორელთა მეფის, სიხონის ქვეყანაში, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას;

47 . დაიმკვიდრეს მისი და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანა, ამორელთა ორი მეფისა, რომლებიც იორდანეს გამოღმა იყვნენ, მზის აღმოსავლეთით,

48 . ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის პირზეა, სიონის (ხერმონის) მთამდე.

49 . ასევე ყოველი ველი იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთით, ყარაბას ზღვამდე, ფისგას ფერდობზე.