მეორე რჯული თავი 31

1 . წავიდა მოსე და ელაპარაკა ეს სიტყვები მთელს ისრაელს.

2 . უთხრა მათ: "ას ოცი წლისა ვარ დღეს, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა; მითხრა უფალმა: ვერ გადახვალ მდინარე იორდანეს.

3 . უფალი, შენი ღმერთი, გადაგიძღვება; ის გაანადგურებს ამ ხალხებს შენს წინაშე და ხელში ჩაგიგდებს მათ ქვეყანას; იეშუა გადაგიძღვება, როგორც თქვა უფალმა.

4 . და ისე მოექცევა მათ უფალი, როგორც მოექცა სიხონსა და ყოგს, ამორელთა მეფეებსა და მათ ქვეყანას, რომლებიც გაანადგურა.

5 . ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი და მოექეცი მათ იმ მცნების თანახმად, რომელიც გიბრძანე მე.

6 . გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთია შენთან; არ მოგშორდება და არ მიგატოვებს”.

7 . მოუხმო მოსემ იეშუას და უთხრა მას მთელი ისრაელის თვალწინ: "გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეხვალ ამ ხალხთან ერთად იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მათ მამებს და შენ დაუმკვიდრებ მას.

8 . თავად უფალი წაგიძღვება, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს; ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები”.

9 . და დაწერა მოსემ ეს რჯული და მისცა იგი მღვდლებს, ლევის ძეებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ და ისრაელის ყველა უხუცესს.

10 . ასე უბრძანა მოსემ: "ყოველი მეშვიდე წლის ბოლოს, მიტევების წელიწადს, კარვობის დღესასწაულზე,

11 . როცა მთელი ისრაელი გამოცხადდება უფლის, შენი ღმერთის წინაშე, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად.

12 . შეკრიბე ხალხი - კაცები, ქალები და ბავშვები, ხიზნები, რომლებიც შენს კარიბჭეში არიან, რათა მოისმინონ, ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთის და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.

13 . მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, მოისმინონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთის, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ ქვეყანაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ მდინარე იორდანეს”.

14 . უთხრა უფალმა მოსეს: "აჰა, მოახლოვდა შენი სიკვდილის დღე; მოუხმე იეშუას და წარსდექით ჩემს წინაშე საკრებულო კარავთან და მე ველაპარაკები მას”. წავიდნენ მოსე და იეშუა და დადგნენ საკრებულო კარავთან.

15 . გამოჩნდა უფალი კარავში, ღრუბლის სვეტში და დადგა ღრუბლის სვეტი კარვის შესასვლელთან.

16 . უთხრა უფალმა მოსეს: "აჰა, განისვენებ შენს მამებთან, ეს ხალხი კი ადგება და გადაუხვევს გზას იმ ქვეყნის უცხო ღმერთთა კვალდაკვალ, სადაც შედის; მიმატოვებს მე და დაარღვევს ჩემ აღთქმას, რომელიც დავდე მასთან.

17 . აღინთება ჩემი რისხვა მათზე იმ დღეს, მივატოვებ მათ და დავუმალავ ჩემს სახეს; შთაინთქმებიან ისინი და შეემთხვევათ მრავალი უბედურება და გასაჭირი; იტყვიან იმ დღეს: განა იმიტომ არ შეგვემთხვა ეს უბედურებანი, რომ ღმერთი არ არის ჩვენ შორის?

18 . და უსათუოდ დავუმალავ ჩემს სახეს იმ დღეს მათ მიერ ჩადენილი ბოროტებისთვის, რადგან მიბრუნდნენ სხვა ღმერთებისკენ.

19 . ახლა, ჩაიწერეთ ეს გალობა და ასწავლეთ ისრაელის ძეებს, ჩაუდეთ ბაგეებში, რათა ეს გალობა მემოწმებოდეს ისრაელის ძეებთან,

20 . რადგან, როდესაც შევიყვან მათ იმ მიწაზე, რომელიც შევფიცე მათ მამებს, სადაც მოედინება რძე და თაფლი, გაძღებიან ჭამით, გასუქდებიან და მიბრუნდებიან სხვა ღმერთებისკენ, ემსახურებიან მათ, განმარისხებენ და დაარღვევენ ჩემს აღთქმას.

21 . მაგრამ, როცა შეემთხვევათ მრავალი ბოროტება და გაჭირვება, ეს გალობა იქნება მათთვის დამოწმებად, რადგან არ დაავიწყდება ის მათ შთამომავალთა ბაგეს. მე ვიცი მათი გულის ზრახვა, დღეს, სანამ შევიყვანდე აღთქმულ ქვეყანაში”.

22 . და დაწერა მოსემ ეს გალობა იმ დღეს და შეასწავლა ისრაელის ძეებს.

23 . უბრძანა მოსემ იეშუა ნავეს ძეს და უთხრა: "გამაგრდი და გაძლიერდი, რადგან შენ შეიყვან ისრაელის ძეებს იმ მიწაზე, რომელიც აღვუთქვი მათ და მე ვიქნები შენთან”.

24 . და როცა დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში,

25 . ასე უბრძანა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველებს:

26 . "აიღეთ რჯულის ეს წიგნი და დადეთ იგი უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობნის გვერდით და იყოს იქ მოწმედ თქვენს წინააღმდეგ.

27 . რადგან ვიცი თქვენი სიჯიუტე და ქედმაგრობა: აჰა, რაც ცოცხალი ვარ, სულ ჯიუტობთ უფლის წინაშე და ჩემი სიკვდილის შემდეგ რაღას იზამთ?

28 . შემიკრიბეთ თქვენი ტომების უხუცესნი და ზემდგომნი, რათა მათ გასაგონად ვილაპარაკო ეს სიტყვები; და დავიმოწმებ მათთან ცასა და მიწას.

29 . რადგან ვიცი, გაირყვნებით ჩემი სიკვდილის შემდეგ და გადაუხვევთ იმ გზას, რომელზეც გიბრძანეთ სიარული; შეგემთხვევათ უბედურება ბოლო დღეებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ

30 . და წარმოთქვა მოსემ ისრაელის მთელი კრებულის გასაგონად ამ გალობის სიტყვები ბოლომდე: