მეორე რჯული თავი 29

1 . ესენია იმ აღთქმის სიტყვები, რომელიც ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა უფალმა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც ხორებში დაუდო მათ.

2 . მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: "ყველაფერი ნახეთ, რაც ეგვიპტის ქვეყანაში თქვენს თვალწინ დამართა უფალმა ფარაონს, მის ყველა მსახურსა და მთელ ქვეყანას;

3 . დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს თქვენმა თვალებმა, ნიშნები და დიდი სასწაულები.

4 . და დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები მოსასმენად.

5 . ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში: არ გაგცვეთიათ სამოსი და ფეხსაცმელი.

6 . პური არ გიჭამიათ, ღვინო და მაგარი სასმელი არ გისვამთ, რათა შეგძლებოდათ ცოდნა, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

7 . მოხვედით ამ ადგილამდე და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე და ყოგი, ბაშანის მეფე, და დავამარცხეთ ისინი.

8 . ავიღეთ მათი ქვეყანა და მივეცით სამკვიდროდ რეუბენს, გადს და მენაშეს ნახევარ ტომს.

9 . დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და აღასრულეთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.

10 . ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე: ტომთა თავკაცები, უხუცესები, ზემდგომები და ისრაელის ყოველი კაცი;

11 . თქვენი მცირეწლოვანნი, ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შეშის მჩეხავიდან წყლის მხაპავამდე,

12 . რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი,

13 . რათა დაგადგინოს დღეს თავის ხალხად, თვითონ კი შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და შეჰფიცა შენს მამებს: აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.

14 . არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმასა და ფიცს,

15 . არამედ მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან დღეს.

16 . რადგან იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გამოიარეთ.

17 . ნანახი გაქვთ მათი სისაძაგლენი, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც აქვთ მათ.

18 . ნუ იქნება თქვენ შორის მამაკაცი ან დედაკაცი, საგვარეულო ან შტო, რომელიც გულს აიყრის დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს; ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, რომელიც შხამიან ნაყოფს გამოიღებს.

19 . რომელიც მოისმენს რა, ამ წყევლისა და ფიცის სიტყვებს, თავს ასე გაიმხნევებს: მაინც მშვიდობა მექნება, თუმცა დავდივარო ჩემს ნებაზე, რათა მწყურვალთან ერთად დაიღუპოს დარწყულებულიც.

20 . არ აპატიებს მას უფალი, რადგან აღინთება მაშინ უფლის რისხვა და შური იმ კაცზე და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი და აღგვის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.

21 . გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში დაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.

22 . და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი შვილები, რომლებიც გაჩნდებიან თქვენს შემდეგ და უცხოტომელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა:

23 . გოგირდი და მარილი; გადამწვარია მთელი ქვეყანა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, დაიქცა როგორც სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც თავისი რისხვითა და წყრომით დააქცია უფალმა.

24 . იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?

25 . და იტყვიან: იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავისი მამების ღმერთის აღთქმა, რომელიც დადო მათთან, როცა გამოჰყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან.

26 . წავიდნენ და ემსახურნენ უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემდნენ მათ, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს.

27 . და აინთო უფლის რისხვა ამ ქვეყანაზე და მოეწია მას მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი.

28 . და რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით აღმოფხვრა ისინი უფალმა მათი მიწიდან; განდევნა ისინი სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის.

29 . დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყოველი სიტყვა”.