მეორე რჯული თავი 26

1 . "და როცა შეხვალ ქვეყანაში, რომელსაც გიმკვიდრებს უფალი, შენი ღმერთი, დაიმკვიდრებ და დასახლდები მასში,

2 . უნდა აიღო ყოველი პირველნაყოფი მიწისა, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, მოათავსო კალათში და წახვიდე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი თავისი სახელის დასამკვიდრებლად.

3 . მიდი მღვდელთან, რომელიც იმ დღეებში იქნება და უთხარი: ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ შევედი მიწაზე, რომლის მოცემაც შეჰფიცა უფალმა ჩვენ მამებს.

4 . გამოგართმევს მღვდელი კალათს ხელიდან და დადგამს უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს წინაშე.

5 . ილაპარაკებ და იტყვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: "მოხეტიალე არამელი იყო მამაჩემი, ჩავიდა ეგვიპტეში და მცირერიცხოვან ხალხად მდგმურობდა იქ და შეიქნა იქ დიდ ერად, ძლიერად და მრავალრიცხოვნად.

6 . გვიბოროტეს ეგვიპტელებმა, გვავიწროებდნენ და სასტიკად გვიმონებდნენ;

7 . და შევღაღადეთ უფალს, ჩვენი მამების ღმერთს და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, იხილა ჩვენი გაჭირვება, ჯაფა და ჩაგვრა.

8 . გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით, შემართული მკლავით, ძრწოლით, დიადი ნიშნებითა და სასწაულებით.

9 . მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა - მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

10 . აჰა, მოვიტანე პირველნაყოფი მიწისა, რომელიც შენ მომეცი უფალო! დადგი იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს.

11 . და გაიხარე ყველა იმ სიკეთით, რომელიც უფალმა, შენმა ღმერთმა მოგცა, შენ, შენს სახლეულს და შენს მხარეში მყოფ ლევიანსა და ხიზანს, შენთან ერთად.

12 . როცა დაასრულებ მესამე წელს - მეათედის წელს, გამოყავი და მიეცი შენი მოსავლის მეათედი ლევიანს, ხიზანს, ობოლსა და ქვრივს და ჭამონ შენს კარიბჭეებთან და გაძღნენ.

13 . და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: სახლიდან გავიღე წმიდა წილი და ლევიანსა და ხიზანს, ობოლსა და ქვრივს მივეცი, შენი მცნების მიხედვით, რომელიც მამცნე; არ გადავუხვიე შენ მცნებებს და არ დავივიწყე.

14 . არ მიჭამია მისგან გაჭირვებაში, არ გამიღია იგი გაუწმიდურებულს და მიცვალებულისთვის არ მიმიცია; ვისმინე უფლის, ჩემი ღმერთის ხმა და ავასრულე ყოველივე, რაც მამცნე.

15 . გადმოიხედე შენი წმიდა სამყოფელიდან, ზეციდან და აკურთხე შენი ხალხი, ისრაელი და მიწა, რომელიც მოგვეცი, როგორც შეჰფიცე ჩვენს მამებს; ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

16 . გიბრძანებს დღეს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას; დაიცავი და აღასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით.

17 . რაკი აღუთქვი დღეს უფალს, რომ შენი ღმერთი იქნება იგი, რათა დადიოდე მისი გზებით, იცავდე მის წესებს, მცნებებსა და სამართალს და ისმენდე მის ხმას.

18 . აღგითქვა დღეს უფალმა, რომ იქნები მისი საუნჯე, როგორც აქვს ნათქვამი, რათა იცავდე მის ყველა მცნებას.

19 . და რომ აგამაღლოს თავის გაჩენილ ყველა ერზე მეტად, ქებით, სახელითა და დიდებით და იყო წმიდა ხალხი უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, როგორც აქვს ნათქვამი უფალს”.