მეორე რჯული თავი 17

1 . "არ შესწირო უფალს, შენს ღმერთს, ისეთი ხარი ან კრავი, რომელსაც ნაკლი აქვს, ან რაიმე ცუდი სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისთვის.

2 . თუ შენს შორის, შენს ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ისეთი მამაკაცი ან დედაკაცი აღმოჩნდა, რომელიც ბოროტებას სჩადის უფლის, შენი ღმერთის თვალში და არღვევს მის აღთქმას,

3 . წავა და ემსახურება სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემს მათ: ან მზეს ან მთვარეს, ან მთელ ციურ მხედრობას, რაც მე არ მიბრძანებია;

4 . მოგივა ამბავი, მოისმენ, კარგად გამოიძიებ და, აჰა, სრული სიმართლე აღმოჩნდება - მართლა მომხდარა ეს სისაძაგლე ისრაელში,

5 . მაშინ გაიყვანე ქალაქის კარიბჭესთან ის მამაკაცი ან დედაკაცი, რომელმაც ჩაიდინა ეს ბოროტება, ჩაქოლე და მოკვდეს.

6 . ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვის მიხედვით უნდა მოკვდეს მოსაკლავი; ერთი მოწმის სიტყვის მიხედვით არ უნდა მოკვდეს.

7 . პირველად მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე მის მოსაკლავად და მერე - მთელი ხალხის ხელი; აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან.

8 . თუ შენს ქალაქში ძნელი საქმე გაქვს განსასჯელად სისხლსა და სისხლს შორის, მსჯავრსა და მსჯავრს შორის, წყლულსა და წყლულს შორის, სადავო საქმეები, ადექი და ადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი.

9 . მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, ვინც იმჟამად იქნება, დაეკითხე და გამოგიცხადებენ ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას.

10 . მოიქეცი იმ გადაწყვეტილებისამებრ, რასაც გამოგიცხადებენ იმ ადგილას, რომელიც ამოირჩია უფალმა და შეასრულე ყველაფერი, რასაც გასწავლიან;

11 . მოიქეცი იმ რჯულისამებრ, რასაც გასწავლიან და იმ სამართლისამებრ, რასაც გეტყვიან; ნურც მარჯვნივ გადაუხვევ და ნურც მარცხნივ იმ სიტყვიდან, რომელსაც გამოგიცხადებენ.

12 . კაცი, რომელიც გაკადნიერდება და არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე მომსახურე მღვდელს ან მსაჯულს, დაე, მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.

13 . გაიგონებს მთელი ხალხი, შეშინდება და აღარ გაკადნიერდება.

14 . როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დაიმკვიდრებ მას, დასახლდები და იტყვი: დავისვამ მეფეს იმ ერებივით, ჩემს გარშემო რომ არიანო.

15 . ის კაცი დაისვი მეფედ, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი ამოირჩევს: შენი ძმების წიაღიდან დაისვი მეფე; უფლება არ გაქვს უცხოელი დაისვა, რომელიც არ არის შენი მოძმე.

16 . ოღონდ არ გაიმრავლოს მეფემ ცხენები და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტეში ცხენების მოსამრავლებლად, რადგან გიბრძანათ უფალმა, აღარ დაბრუნდეთო ამ გზით;

17 . ნუ გაიმრავლებს ცოლებს, რომ არ გადაუხვიოს მისმა გულმა და მეტისმეტად არ გაიმრავლოს ვერცხლი და ოქრო,

18 . და როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისგან.

19 . ჰქონდეს თავისთან და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში, იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს.

20 . რომ არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს და არ გადაუხვიოს მცნებას, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დღეგრძელი იყოს თავის სამეფოში თვითონაც და მისი ძენიც ისრაელის წიაღში.