მათე თავი 3

1 . იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეის უდაბნოში.

2 . ამბობდა: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.

3 . ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.

4 . თვითონ იოანეს აქლემის ბეწვისგან ჰქონდა სამოსი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა; საზრდოდ კალია და ველური თაფლი ჰქონდა.

5 . მიდიოდა მასთან იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანეს მთელი მხარე.

6 . ინათლებოდნენ მისგან მდინარე იორდანეში და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ.

7 . დაინახა რა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?

8 . მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი!

9 . და ნუ იფიქრებთ თქვათ თქვენში, მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.

10 . ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.

11 . მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; ჩემ შემდეგ მომავალი კი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ! ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით”.

12 . მისი ფიწალი მის ხელშია. იგი გაწმედს თავის კალოს, ბეღელში დაახვავებს თავის ხორბალს, ბზეს კი დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.

13 . მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო.

14 . იოანე წინაღუდგა და უთხრა: "მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან?”

15 . იესომ კი მიუგო და უთხრა: "ასე იყოს ახლა, ვინაიდან ამგვარად გვმართებს მთელი სიმართლის აღსრულება”. მაშინღა დართო ნება.

16 . მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.

17 . და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”.