მათე თავი 16

1 . მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.

2 . უთხრა მათ: "საღამოხანს ამბობთ: ხვალ მოწმედილი იქნება, რადგან ცა წითელიაო;

3 . დილით კი: დღეს გაავდრდება, რადგან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა.

4 . ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა”. მიატოვა ისინი და წავიდა.

5 . გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ.

6 . იესომ უთხრა მათ: "გაფრთხილდით, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს”.

7 . ისინი კი მსჯელობდნენ ერთმანეთში: იმიტომ გვეუბნება პური რომ არ წამოგვიღიაო.

8 . მიხვდა იესო და უთხრა მათ: "რას მსჯელობთ ერთმანეთში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ?

9 . ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პურით გაძღომა და რამდენი გოდორი ნარჩენი აიღეთ?

10 . აღარც ოთხი ათასის შვიდი პურით გაძღომა გახსოვთ და რამდენი კალათი ნარჩენი აიღეთ?

11 . რატომ ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?”

12 . მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.

13 . ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მივიდნენ, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: "რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?”

14 . უპასუხეს: "ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი - ელიააო, ზოგიც - იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიაო”.

15 . ჰკითხა მათ: "თქვენ რას ამბობთ, ვინა ვარ?”

16 . სიმონ-პეტრემ მიუგო: "შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.

17 . იესომ პასუხად უთხრა: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია.

18 . და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.

19 . მოგცემ ცათა სამეფოს გასაღებებს და, რასაც შეკრავ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც”.

20 . მაშინ გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის ქრისტე.

21 . ამის შემდეგ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დიდად დატანჯულიყო უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.

22 . პეტრემ გაიხმო იგი, უკრძალავდა და ეუბნებოდა: "შეიწყალე შენი თავი უფალო, ნურც შეგემთხვევა ასეთი რამ!”

23 . ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: "გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია”.

24 . მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: "ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

25 . რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას.

26 . რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?

27 . რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.

28 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ძე კაცისას, თავისი მეფობით მომავალს”.