მათე თავი 12

1 . იმ ხანებში, შაბათ დღეს, ყანებზე გაიარა იესომ. მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.

2 . დაინახეს ეს ფარისევლებმა და უთხრეს: "აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს”.

3 . იესომ უპასუხა: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ?

4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს; არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს?

5 . ანდა არც ის ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ მაინც უდანაშაულონი არიან?

6 . ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია.

7 . თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარც მსჯავრს დაადებდით უდანაშაულოებს.

8 . რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.

9 . წამოვიდა იქიდან იესო და მათ სინაგოგაში შევიდა.

10 . და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს?

11 . მან კი უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?

12 . ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”.

13 . და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.

14 . ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.

15 . იესომ იცოდა რა ეს, გაეცალა იქაურობას. დიდძალი ხალხი მიყვებოდა მას და ყველა განკურნა,

16 . და აუკრძალა მათ მისი ვინაობის გამხელა.

17 . რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს:

18 . "აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.

19 . არ იდავებს და არც იყვირებს, ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.

20 . ნაგვემ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს;

21 . და მის სახელში ექნებათ იმედი წარმართებს”.

22 . მაშინ მოიყვანეს მასთან ბრმა და მუნჯი ეშმაკეული და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.

23 . მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: "ეს ხომ არ არის დავითის ძეო?”

24 . ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.

25 . იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს.

26 . თუ სატანა სდევნის სატანას, თავისავე წინააღმდეგ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?

27 . თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მოსამართლენი.

28 . მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო.

29 . ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს.

30 . ვინც ჩემთან არ არის, ჩემი წინააღმდეგია; და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.

31 . ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.

32 . ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.

33 . ან ხეც ვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ანდა ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე მისი ნაყოფით შეიცნობა.

34 . იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.

35 . კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.

36 . თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;

37 . რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული”.

38 . მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: "მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან”.

39 . მან კი უპასუხა: "ბოროტი და მრუში თაობა ეძიებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.

40 . რადგან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე ძე კაცისა იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში.

41 . ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი.

42 . სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, რადგან დედამიწის კიდიდან მოვიდა იგი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.

43 . როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში მოსვენების ძიებაში და ვერ პოულობს.

44 . მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს,

45 . მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე ბოროტს, შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. იმ კაცისთვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც”.

46 . როცა ჯერ კიდევ ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები და სალაპარაკოდ ეძებდნენ მას.

47 . მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: "აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენთან ლაპარაკი სურთ”.

48 . მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: "ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?”

49 . გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: "აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.

50 . რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.