მათე თავი 11

1 . როცა დაამთავრა იესომ თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად.

2 . იოანემ კი, ესმა რა საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, თავისი ორი მოწაფეთაგანი გაუგზავნა,

3 . რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთო?

4 . მიუგო მათ იესომ და უთხრა: "წადით და აუწყეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:

5 . ბრმები კვლავ ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.

6 . ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში!”

7 . ისინი რომ წავიდნენ, იესომ იოანეზე დაუწყო ხალხს ლაპარაკი: "რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა?

8 . აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილნი მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან.

9 . მაშ, რიღასთვის გამოხვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? დიახ, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც.

10 . ვინაიდან ეს არის ის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენი სახის წინაშე ჩემს მაუწყებელს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.

11 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი; მაგრამ ცათა სამეფოში უმცირესი მასზე დიდია.

12 . იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სამეფო ძალისხმევით აიღება, და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.

13 . რადგან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.

14 . თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.

15 . ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!

16 . მაგრამ ვის მივამსგავსო ეს თაობა? ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც მოედანზე სხედან, სხვებს გასძახიან

17 . და ეუბნებიან: სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ გლოვობდით.

18 . ვინაიდან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.

19 . მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო! და მართლდება სიბრძნე თავისი საქმეებით”.

20 . მაშინ იწყო იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალთაქმედებანი, რადგან არ მოინანიეს.

21 . "ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ჯვალოსა და ნაცარში მოინანიებდნენ.

22 . მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.

23 . შენ კი, კაპერნაუმო, ცამდე კი არ ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები! ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა, დღემდე შემორჩებოდა.

24 . მეტსაც გეტყვით: სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ”.

25 . მაშინ მიმართა იესომ და თქვა: "გაქებ შენ, მამაო, ცისა და ქვეყნის უფალო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს.

26 . დიახ, მამაო! რადგან ასეთი იყო შენი ნება-სურვილი.

27 . ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.

28 . მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!

29 . იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს.

30 . ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!”