ლუკა თავი 5

1 . ერთხელ, როცა გენესარეთის ტბასთან იდგა და ხალხი აწყდებოდა მას, რათა ღმერთის სიტყვა მოესმინა,

2 . დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი და მათგან გადმოსული მებადურები, ბადეებს რომ რეცხავდნენ.

3 . ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა, ნაპირს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.

4 . ლაპარაკი რომ დაამთავრა, უთხრა სიმონს: "შეცურდით ღრმად და ბადეები ჩაუშვით თევზის დასაჭერად”.

5 . მიუგო სიმონმა პასუხად: "მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენ სიტყვისამებრ ჩავუშვებთ ბადეს”.

6 . ასეც მოიქცნენ და იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ.

7 . ნიშანი მისცეს მეწილეებს მეორე ნავში, რომ მოსაშველებლად მოსულიყვნენ. მოვიდნენ და ორივე ნავი ისე აავსეს, რომ იძირებოდნენ.

8 . ამის მნახველი სიმონ-პეტრე იესოს წინაშე მუხლებზე დაეცა და უთხრა: "გამშორდი, უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ”.

9 . რადგან გაოგნებამ შეიპყრო ისიც და ყველა მასთან მყოფიც იმ თევზის სიმრავლის გამო, მათ რომ დაიჭირეს;

10 . ასევე დაემართათ იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეებს, სიმონის მეწილეებს. უთხრა იესომ სიმონს: "ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ”.

11 . მიაყენეს ნავები ნაპირს, ყველაფერი მიატოვეს და მას გაჰყვნენ.

12 . ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. იესოს დანახვისთანავე მიწაზე დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: "უფალო, თუ ინებებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”.

13 . გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: "მნებავს, განიწმიდე!” და მყისვე მოშორდა კეთრი.

14 . უბრძანა: "არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედის გამო, როგორც მოსემ დაადგინა მოწმობად მათთვის”.

15 . უფრო და უფრო ვრცელდებოდა სიტყვა მის შესახებ, დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა თან, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ სნეულებათაგან.

16 . ის კი უდაბურ ადგილებში გადიოდა სალოცად.

17 . ერთ დღეს, როცა ასწავლიდა, ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი, რომლებიც გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან, ასევე იერუსალიმიდან მისულიყვნენ; და უფლის ძალა იყო მასთან, მათ განსაკურნად,

18 . აჰა, კაცებმა სარეცლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დავრდომილი იყო; უნდოდათ შიგნით შეეყვანათ და იესოს წინაშე დაეწვინათ,

19 . მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოახერხეს მისი შეყვანა. ერდოზე ავიდნენ და სარეცლიანად ჩაუშვეს სახურავიდან შუაგულ ოთახში იესოს წინაშე.

20 . იხილა რა მათი რწმენა, უთხრა: "ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები”.

21 . მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა გამართეს ერთმანეთში; ამბობდნენ: "ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს?! ვის ძალუძს ცოდვების მიტევება, ერთი ღმერთის გარდა?”

22 . იცოდა რა იესომ მათი ზრახვები, ჰკითხა: "რაზე მსჯელობთ თქვენს გულებში?

23 . რისი თქმა უფრო ადვილია: მოგეტევა შენი ცოდვები თუ ადექ და გაიარე?

24 . მაგრამ, რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე - უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი სარეცელი და შინ წადი”.

25 . მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, თავის სახლში წავიდა და ადიდებდა ღმერთს.

26 . ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და შეშინებულები ამბობდნენ: "საოცრება ვიხილეთო დღეს”.

27 . ამის შემდეგ იყო, რომ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა. უთხრა: "გამომყევი”.

28 . მანაც ყოველივე მიატოვა, წამოდგა და გაჰყვა.

29 . დიდი ნადიმი გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში; ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი იყო იქ, რომლებიც მასთან ერთად უსხდნენ სუფრას.

30 . მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: "რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”

31 . მიუგო მათ იესომ პასუხად: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.

32 . მართალთა მოსახმობად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა - რათა მოინანიონ”.

33 . მათ უთხრეს: "იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთაგანნიც. შენები კი ჭამენ და სვამენ”.

34 . იესომ მიუგო: "განა შეიძლება აიძულო მექორწილენი იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის?

35 . მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში”.

36 . იგავიც უთხრა მათ: "არავინ მოახევს საკერებელს ახალ სამოსელს ძველ სამოსელზე დასადებლად, რადგან ახალიც ხომ დაიხევა და არც ძველს გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი.

37 . არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს, ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც.

38 . ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას;

39 . და ძველის არცერთი მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო.