ლევიანნი თავი 8

1 . და უთხრა უფალმა მოსეს:

2 . "წაიყვანე აჰარონი თავის ძეებთან ერთად და წაიღე სამოსელი, საცხებელი ზეთი, ცოდვისთვის შესაწირი მოზვერი, ორი ვერძი და კალათი ხმიადებით.

3 . და შეკრიბე მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან”.

4 . ისე მოიქცა მოსე, როგორც უბრძანა უფალმა და შეიკრიბა თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან.

5 . უთხრა მოსემ თემს: "ეს არის, რაც ბრძანა უფალმა შესასრულებლად”.

6 . მიიყვანა მოსემ აჰარონი და მისი ძენი და წყლით განბანა.

7 . კვართით შემოსა, სარტყელი შემოარტყა, მოსასხამი შემოასხა და ეფოდი ჩამოაცვა, ეფოდის ოსტატურად ნაქარგი სარტყელი შემოარტყა და ზედ მიამაგრა.

8 . გაუკეთა სამკერდული და სამკერდულში ურიმი და თუმიმი.

9 . თავზე მიტრა დააფარა და ზედ წინა მხრიდან ოქროს ფირფიტა, წმიდა გვირგვინი დაადგა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

10 . აიღო მოსემ საცხებელი ზეთი, სცხო სავანეს და ყოველივეს, რაც მასში იყო და განწმიდა ისინი.

11 . შვიდჯერ მოასხურა სამსხვერპლოზე და სცხო სამსხვერპლოსა და მის ყოველ ჭურჭელს და საბანელს და მის კვარცხლბეკს განსაწმედად.

12 . თავზე დაასხა აჰარონს საცხებელი ზეთი და სცხო მას განსაწმედად.

13 . და მოიყვანა მოსემ აჰარონის ძენი, კვართით შემოსა ისინი, სარტყლები შემოარტყა და ზედ თავსაბურავები მოახვია, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

14 . მიიყვანა ცოდვის მსხვერპლი მოზვერი და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ცოდვისათვის შესაწირ მოზვერს ხელები თავზე.

15 . როცა დაკლეს იგი, თითით აიღო მოსემ სისხლი, მოაპკურა ირგვლივ სამსხვერპლოს რქებს და განწმიდა იგი, ხოლო მონარჩენი სისხლი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვარა და წმიდა ჰყო იგი.

16 . და აიღო მთელი ქონი, რაც შიგნეულზე ჰქონდა, ღვიძლის აპკი და ორივე თირკმელი თავისი ქონით და დააკმია მოსემ სამსხვერპლოზე.

17 . ხოლო მოზვერი, მისი ტყავი, ხორცი და მისი განავალი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლზე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

18 . მოიყვანა სრულადდასაწველი ვერძი და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები თავზე.

19 . როცა დაკლეს, სამსხვერპლოს ირგვლივ მოასხურა მოსემ სისხლი.

20 . როცა ასო-ასოდ დაიჭრა ვერძი, დააკმია მოსემ თავი, ნაჭრები და ქონი.

21 . ხოლო, როდესაც შიგნეული და წვივები წყლით გაირეცხა, მოსემ მთლიანად დააკმია ვერძი სამსხვერპლოზე: სასაკმევლე სრულადდასაწველი, საცეცხლო შესაწირი იყო იგი უფლისთვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

22 . და მიიყვანა მეორე ვერძიც, მღვდლად კურთხევის ვერძი; და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები თავზე.

23 . როცა დაიკლა იგი, აიღო მოსემ მისი სისხლიდან და სცხო აჰარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს და მარჯვენა ფეხის ცერს.

24 . მოყვანილ იქნენ აჰარონის ძენი და მათაც სცხო მოსემ სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე და მოასხურა მოსემ ეს სისხლი სამსხვერპლოს გასწვრივ, მის ირგვლივ.

25 . აიღო ქონი, დუმა, შიგნეულზე გამოკრული მთელი ქონი, ღვიძლის აპკი, ორივე თირკმელი თავისი ქონით და მარჯვენა ბეჭი.

26 . აიღო უფლის საწინაშეო ხმიადების კალათიდან ერთი ხმიადი კვერი, ზეთიანი პურის ერთი კვერი, ერთი ფუნთუშა და დააწყო ქონსა და მარჯვენა ბეჭზე.

27 . ყოველივე ეს ხელებზე დაუწყო აჰარონსა და მის ძეთ და შესარხეველ შესაწირად შეარხია ისინი უფლის წინაშე.

28 . კვლავ აიღო მოსემ ისინი მათი ხელებიდან და ზედ დააკმია სრულადდასაწველს სამსხვერპლოზე: უფლის საცეცხლო შესაწირი იყო ეს, მღვდლად მიძღვნის კეთილსურნელოვანი შესაწირი.

29 . აიღო მოსემ მკერდი და შესარხეველ შესაწირად შეარხია იგი უფლის წინაშე; მღვდლად კურთხევის ვერძიდან მოსეს წილი იყო იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

30 . აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზე იყო და აჰარონსა და მის სამოსელს, მის ძეებსა და მათ სამოსელს მოაპკურა. და განწმიდა აჰარონი და მისი სამოსელი, მისი ძენი და მათი სამოსელი.

31 . უთხრა მოსემ აჰარონსა და მის ძეთ: "მოხარშეთ ეს ხორცი საკრებულო კარვის შესასვლელთან და ჭამეთ იქ, ხმიადთან ერთად, რომელიც მღვდლად კურთხევისთვის წამოღებულ კალათშია, როგორც ნაბრძანები მაქვს: აჰარონმა და მისმა ძეებმა ჭამონ.

32 . ხოლო ხორცისა და პურის ნარჩენი ცეცხლში დაწვით.

33 . შვიდი დღე და ღამე ნუ გამოხვალთ საკრებულო კარვის კარიდან, ვიდრე არ შესრულდება მღვდლად მიძღვნის დღეები; რადგან შვიდ დღეს უნდა სრულდებოდეს თქვენი მიძღვნა.

34 . როგორც დღეს აღსრულდა, ასე ბრძანა უფალმა თქვენი გამოსყიდვა.

35 . დარჩით საკრებულო კარვის შესასვლელში შვიდი დღე და ღამე და შეასრულეთ უფლის სამსახური, რათა არ დაიხოცოთ; რადგან ასე მიბრძანა უფალმა”.

36 . ყოველივე აღასრულეს აჰარონმა და მისმა ძეებმა, რაც მოსეს მეშვეობით ბრძანა უფალმა.