იობი თავი 35

1 . გააგრძელა ელიჰუმ და თქვა:

2 . "ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, მართალი ვარო ღმერთის წინაშე?

3 . რომ ამბობ, რა სარგებელი მაქვს, რას მარგებსო ცოდვებისგან განწმენდა?

4 . შენც გეტყვი და შენს მეგობრებსაც:

5 . ცას შეხედე და, აჰა, ღრუბლებს მიაპყარ თვალი, შენზე მაღლა არიან ისინი.

6 . შენ თუ შესცოდე, მას რა? ძალიანაც რომ გაამრავლო შენი დანაშაული, მას რას დააკლებ?

7 . მართალი თუ ხარ, რას შემატებ მას? რას მიიღებს შენი ხელიდან?

8 . მხოლოდ შენისთანა კაცს ეხება შენი ბოროტება და ადამიანის ძეს - შენი სიმართლე.

9 . მრავალი მოსთქვამს ტანჯვისგან და შველას ითხოვს ძლიერთა მკლავისგან.

10 . მაგრამ მაინც არავინ კითხულობს: სად არისო ჩემი გამჩენი ღმერთი, საგალობელს რომ გვაძლევს ღამღამობით,

11 . რომელიც ჩვენ უფრო მეტს გვასწავლის ვიდრე მიწის ცხოველებს და უფრო მეტად გვაბრძენებს ვიდრე ცის ფრინველებს.

12 . ღაღადებენ იქ ისინი, მაგრამ არ პასუხობს იგი, ბოროტეულთა ამპარტავნობის გამო.

13 . ჭეშმარიტად, არ შეისმენს ღმერთი ამაო ლოცვას და არ მოხედავს მას ყოვლადძლიერი.

14 . თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ, სარჩელი მის წინაშეა, მას დაელოდე.

15 . ახლა კი, რადგან რისხვით პასუხს არ გთხოვს და ყურადღებას არ აქცევს შენს დანაშაულს;

16 . ამაოდ ხსნი პირს იობ და უმეცრებით ამრავლებ სიტყვებს”.