იობი თავი 34

1 . განაგრძო ელიჰუმ და თქვა:

2 . "ისმინეთ, ბრძენნო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, მცოდნენო.

3 . რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს, სასა კი საჭმელს უგებს გემოს;

4 . ავირჩიოთ სამართალი და ჩვენს შორის ვიცოდეთ, რა არის კარგი.

5 . რადგან თქვა იობმა: მართალი ვარ და ღმერთმა წამართვაო სამართალი;

6 . გამტყუნდა ჩემი სამართალი! უკურნებელია ჩემი იარა, თუმცა უდანაშაულო ვარო.

7 . ვინ არის იობის მსგავსი კაცი, დაცინვას რომ სვამდეს წყალივით?

8 . უმართლობის ჩამდენთაკენ რომ მიემართება და ბოროტეულის გზებით რომ დაიარება?

9 . რადგან თქვა: არაფრად არგიაო კაცს, რომ ღმერთს აამოს.

10 . ამიტომ ისმინეთ ჩემი, გამგებო კაცებო! შორს არის ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უმართლობისგან!

11 . რადგან თავისი საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს, და მისი გზისამებრ მიაგებს კაცს.

12 . ჭეშმარიტად, არ ჩაიდენს ბო­როტებას ღმერთი და არ გაამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!

13 . ვინ ჩააბარა მას დედამიწა? ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?

14 . თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი გული და უკანვე წაიღო თავისი სული და სუნთქვა,

15 . ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწის მტვერს დაუბრუნდება ადამიანიც.

16 . თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყურად იღე ჩემი სიტყვები!

17 . ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? ნუთუ მსჯავრს დასდებ ძალმოსილ მართალს?

18 . ვინ ეუბნება მეფეს: არარაობავ! და დიდგვაროვანს - უკეთურო!

19 . ვინ არ ელაქუცება მთავრებს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.

20 . წამში დაიხოცებიან ისინი; შუაღამეს იძვრის ხალხი და იღუპება; წაიყვანენ და მოაშორებენ ძლიერს კაცის ხელის გარეშე,

21 . რადგან კაცის გზებზეა მისი თვალები და ის ხედავს მის ყოველ ნაბიჯს.

22 . არც წყვდიადია და არც შავეთის ჯურღმული, რომ იქ დაი­მალონ დანაშაულის მოქმედნი;

23 . რადგან არავის უწესებს ვადას იგი, რომ მივიდეს ღმერთთან სამსჯავროზე;

24 . გამოკვლევის გარეშე ამსხვრევს ძლიერთ და მათ ნაცვლად სხვებს აყენებს,

25 . რადგან იცის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან;

26 . დაჰკრავს მათ, ბოროტეულთა მსგავსად, ყველას დასანახად,

27 . იმიტომ, რომ ზურგი აქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები;

28 . მივიდა მასთან ღატაკთა ღაღადი და ესმის მას ჩაგრულთა მუდარა;

29 . როცა დუმს იგი, ვინ არის მისი მსჯავრმდებელი? როცა სახეს მალავს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება ეს თუ ერთი კაცი.

30 . რომ არ იმეფოს უღვთო კაცმა ხალხის საცდუნებლად.

31 . თუ უთქვამს ვინმეს ღმერთი­სთვის: ვიტვირთე სასჯელი, აღარ შევცოდავ;

32 . შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ; თუ დანაშაული ჩავიდინე, აღარ ჩავიდენ.

33 . განა შენი განსჯისამებრ უნდა მიაგებდეს იგი, როცა მის სიმართლეს უარყოფ? შენ უნდა აირჩიო და არა მე, ილაპარაკე, რაც იცი.

34 . გამგები ადამიანი მეტყვის, და ბრძენი ადამიანი, მე რომ მისმენს:

35 . იობი უაზროდ ლაპარაკობს, მის სიტყვებში სიბრძნე არ არისო.

36 . ნეტავი ბოლომდე გამოიცდებოდეს იობი, ბოროტეულთა მსგავსად რომ პასუხობს,

37 . რადგან თავის ცოდვას ამბოხს უმატებს, ხელს ხელზე ურტყამს და ღვთის საწინააღმდეგო სიტყ­ვებს ამრავლებს ჩვენ შორის!”