იობი თავი 32

1 . შეწყვიტა ამ სამმა კაცმა იობისთვის პასუხის გაცემა, რადგან მართალი იყო იგი თავის თვალში.

2 . რისხვით აღენთო ელიჰუ, ბუზელი ბარაქელის ძე, რამის საგვარეულოდან: და განრისხდა იობზე იმის გამო, რომ თავის თავს ღმერთის წინაშე მართლად თვლიდა;

3 . თავის სამ მეგობარზეც განრისხდა, რადგან პასუხი ვერ გასცეს იობს და მაინც მსჯავრი დასდეს მას;

4 . აცლიდა ელიჰუ იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ წლებით.

5 . რაკი დაინახა ელიჰუმ, რომ ამ სამი კაცის ბაგეს პასუხი არ გააჩნდა, რისხვით აღენთო.

6 . და ილაპარაკა ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ: "მე წლებით უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა თქვენთვის ჩემი აზრი მეთქვა.

7 . ვიფიქრე: უმჯობესია დღეებმა ილაპარაკონ და წლების სიმრავლემ ასწავლოს სიბრძნე.

8 . მაგრამ სული იმყოფება ადამიანში და ყოვლადძლიერის სუნთქვა აძლევს მას გონიერებას;

9 . ხანდაზმულნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ უხუცესნი როდი ხვდებიან სამართალს.

10 . ამიტომ ვამბობ - მომისმინეთ, მეც გამოვთქვა ჩემი აზრი.

11 . აჰა, ვუცდიდი თქვენს სიტყვებს და ვუსმენდი თქვენს მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს.

12 . გაკვირდებოდით და, აჰა, არ არის თქვენ შორის მამხილებელი, რომ პასუხი გასცეს იობს.

13 . ნუ იტყვით: სიბრძნე ვიპოვეთ, რადგან ღმერთი ამხელს მას და არა კაციო.

14 . ჩემს წინააღმდეგ არ მოუმართავს სიტყვები და არც მე ვუპასუხებ თქვენი გამონათქვამებით.

15 . შეშინდნენ, ვეღარ უპასუხეს, გამოელიათ სიტყვები;

16 . მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპარაკს, რაკი დადგნენ და აღარ პასუხობდნენ.

17 . ვთქვი: მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ ჩემს შეხედულებას.

18 . რადგან სავსე ვარ სიტყვებით: შიგნიდან მაწვება სული;

19 . აჰა, თავმოუხდელი ღვინოსავით მაქვს გული, გასკდომაზეა, როგორც ახალი ტიკი;

20 . ვილაპარაკებ და დავმშვიდდები; გავხსნი ბაგეებს და ვუპასუხებ;

21 . პირფერობას არ დავუწყებ კაცს, და ადამიანს არ მიველაქუცები.

22 . რადგან ლაქუცი არ ვიცი და თუ ვილაქუცებ, უმალ წამიყვანოს შემოქმედმა!