იობი თავი 17

1 . "სული ჩემი შემუსვრილია, მინავლებულია ჩემი დღენი, საფლავი მზად არის ჩემთვის.

2 . განა მქირდავნი არ არიან ჩემ გარშემო და ჩემი თვალი მათ დაცინვას არ უმზერს?

3 . დამიცავი, გევედრები, თავდებად დამიდექი შენს წინაშე, სხვა ვინ მიქომაგებს?

4 . შენ დაუკავე მათ გულებს გონიერება, ამიტომაც არ აღაზევებ მათ ამის მერე.

5 . ვინც ანგარებით გასცემს მეგობრებს, მისი ძეების თვალები დაბნელდება.

6 . ხალხის საიგავოდ გამხადე და პირში საფურთხებლად შევიქენი.

7 . მწუხარებისგან თვალთ დამიბნელდა და აჩრდილს დაემსგავსნენ ჩემი სხეულის ასოები.

8 . აღშფოთდებიან წრფელნი ამის გამო და აუმხედრდებიან მართალნი უკეთურთ.

9 . მართალი თავის გზას ჩაეჭიდება და ხელწმიდა უფრო განმტკიცდება.

10 . თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი, ბრძენს მაინც ვერ ვიპოვი თქვენ შორის.

11 . განვლეს ჩემმა დღეებმა, დაიმსხვრა ჩემი განზრახვები და სურვილები ჩემი გულისა.

12 . ღამეს დღედ აქცევენ, ამბობენ: ახლოა ნათელი ბნელთან!

13 . თუ ველი შავეთს, როგორც ჩემს სახლს, თუ წყვდიადში გავიმზადებ სარეცელს.

14 . თუ ჩავძახებ სამარეს: მამა ხარ ჩემი! მატლს - დედა ხარ ჩემი და დაი ხარ ჩემი!

15 . სადღაა ჩემი იმედი? და ჩემს სასოებას ვინ იხილავს?

16 . თან ჩამომყვება შავეთში? ნუთუ ერთად განვისვენებთ მტვერში?”