იოანე თავი 1

1 . დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

2 . ის იყო დასაწყისში ღმერთთან.

3 . ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.

4 . მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.

5 . სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

6 . იყო კაცი, ღვთისგან მოვლინებული. სახელი მისი იოანე.

7 . იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ და ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.

8 . ის არ ყოფილა სინათლე, არამედ მოვიდა რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ.

9 . იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს.

10 . იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.

11 . თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.

12 . მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.

13 . ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.

14 . და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.

15 . იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადებს და ამბობს: "ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი: ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.

16 . მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.

17 . ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.

18 . ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.

19 . ეს იყო მოწმობა იოანესი, როცა იერუსალიმელმა იუდევლებმა მღვდელნი და ლევიანნი მიუგზავნეს, რათა ეკითხათ მისთვის: "ვინ ხარ შენ?”

20 . მან აღიარა და არ უარყო; აღიარა: "მე არა ვარ ქრისტე”.

21 . ჰკითხეს: "მაშ, ვინ? ელია ხარ?” მან თქვა: "არა ვარ”. "წინასწარმეტყველი ხარ?” უპასუხა: "არა”.

22 . მაშინ უთხრეს მას: "ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ; რას იტყვი შენზე?”

23 . მან თქვა: "მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში; მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა”.

24 . წარმოგზავნილები ფარისეველთაგან იყვნენ.

25 . მათ ჰკითხეს: "მაშ, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?”

26 . მიუგო იოანემ პასუხად: "მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენ შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ!

27 . ის ჩემ შემდეგ მოდის და მე მისი სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ”.

28 . ეს მოხდა ბეთანიაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათლავდა იოანე.

29 . მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.

30 . ეს არის, რომელზეც ვთქვი: ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.

31 . მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს”.

32 . ამოწმებდა იოანე და ამბობდა: "ვიხილე ციდან გადმომავალი სული, როგორც მტრედი და დაივანა მასზე.

33 . მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლად, მან მითხრა: ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და მასზე დავანებული, ის არის, ვინც მონათლავს სულიწმიდით.

34 . მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა”.

35 . მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი.

36 . დაინახა მომავალი იესო და თქვა: "აჰა, კრავი ღვთისა”.

37 . გაიგონა მისი ნათქვამი ორმა მოწაფემ და გაჰყვა იესოს.

38 . იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან და ჰკითხა მათ: "რა გინდათ?” ხოლო მათ უპასუხეს: "რაბი, სად ცხოვრობ?”

39 . უთხრა მათ: "წამოდით და ნახეთ”. წავიდნენ და ნახეს, სადაც ცხოვრობდა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი.

40 . ერთი ამ ორთაგან, რომელმაც იოანესგან მოისმინა და გაჰყვა მას, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი.

41 . მან უპირველეს ყოვლისა თავისი ძმა სიმონი მოძებნა და უთხრა: "ჩვენ ვიპოვეთ მესია”. - რაც ითარგმნება როგორც ქრისტე.

42 . მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: "შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან გერქმევა კეფა”, - რაც ითარგმნება როგორც კლდე.

43 . მეორე დღეს გალილეაში წასვლა მოისურვა; იპოვა ფილიპე და უთხრა იესომ: "გამომყევი”.

44 . ფილიპე ბეთსაიდადან იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან.

45 . ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა: "ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც წერს მოსე რჯულში და აგრეთვე წინასწარმეტყველნი - იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან”.

46 . მიუგო ნათანაელმა: "განა შეიძლება ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე იყოს?” უთხრა ფილიპემ: "წამო და ნახე”.

47 . იესომ მისკენ მიმავალი ნათანაელი რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა”.

48 . ჰკითხა ნათანაელმა: "საიდან მიცნობ?” მიუგო იესომ: "ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე”.

49 . მიუგო მას ნათანაელმა: "რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა!”

50 . უთხრა იესომ: "იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტს იხილავ!”

51 . უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე!”