იესო ნავეს ძე თავი 4

1 . როცა მთელმა ერმა გადალახა იორდანე, ასე ელაპარაკა უფალი იეშუას:

2 . "აიყვანე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან.

3 . ასე უბრძანე მათ: აიღეთ აქედან, იორდანეს შუაგულიდან, სადაც მტკიცედ ედგათ ფეხი მღვდლებს, თორმეტი ქვა, თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევში, სადაც გაათევთ ღამეს”.

4 . და მოუხმო იეშუამ თორმეტ კაცს, ისრაელის ძეთაგან რომ გამოარჩია, თითო კაცი თითო ტომიდან.

5 . უთხრა მათ იეშუამ: "იარეთ უფლის, თქვენი ღმერთის კიდობნის წინ შუაგულ იორდანეში და თითოეულმა თქვენგანმა თითო ქვა მოიკიდეთ ზურგზე, ისრაელიანთა ტომების რიცხვის მიხედვით,

6 . რათა ნიშანი იყოს ეს თქვენ შორის; როცა გკითხავენ თქვენი ძენი, რა ქვები გაქვთო ეს,

7 . უთხარით: ‘იორდანეს წყლები გაიპო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, მისი იორდანეზე გადასვლის დროს გაიპო წყლები!‘ და იყოს ეს ქვები სამახსოვროდ ისრაელის ძეებისთვის უკუნისამდე”.

8 . ისე მოიქცნენ ისრაელის ძენი, როგორც ბრძანა იეშუამ, აიღეს თორმეტი ქვა შუაგულ იორდანედან, იეშუასადმი უფლის ნათქვამისამებრ, ისრაელიანთა ტომების რიცხვის მიხედვით, გადაიტანეს ღამის სათევში და იქ დააწყვეს.

9 . შუაგულ იორდანეშიც თორმეტი ქვა აღმართა იეშუამ, იმ ადგილას, სადაც ფეხები ედგათ მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მზიდველებს, დღემდე იქ აწყვია ის ქვები.

10 . იდგნენ კიდობნის მზიდველი მღვდლები იორდანეს შუაგულში, ვიდრე არ შესრულდა ყოველი სიტყვა, რაც უბრძანა უფალმა იეშუას ხალხისთვის სათქმელად, მოსეს ანდერძისამებრ იეშუასადმი; და ჩქარობდა ხალხი გაღმა გადასვლას.

11 . როცა მთელი ხალხი გადავიდა იორდანეს, მაშინ გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ.

12 . რეუბენის, გადისა და მენაშეს ნახევარტომის ძეებიც გადავიდნენ იარაღასხმულნი, ისრაელის ძეთა თვალწინ, როგორც უანდერძა მათ მოსემ.

13 . ორმოცი ათასამდე იარაღასხმული კაცი გადავიდა უფლის წინაშე, იერიხოს ველზე საბრძოლველად.

14 . იმ დღეს განადიდა უფალმა იეშუა მთელი ისრაელის თვალში და სიცოცხლის ბოლომდე ეშინოდათ მისი, როგორც ეშინოდათ მოსესი.

15 . უთხრა უფალმა იეშუას:

16 . "უბრძანე აღთქმის კიდობნის მზიდველ მღვდლებს, ამოვიდნენ იორდანედან”.

17 . და უბრძანა იეშუამ მღვდლებს: "ამოდით იორდანედან!”

18 . როგორც კი ამოვიდნენ იორდანედან უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი მღვდლები და ხმელეთზე დაიდგა მათი ტერფები, დაუბრუნდა იორდანეს წყალი თავის ადგილს და უწინდელივით თავის კალაპოტში იწყო დინება.

19 . პირველი თვის მეათე დღეს ამოვიდა ხალხი იორდანედან და იერიხოს აღმოსავლეთ მხარეს, გილგალში დაბანაკდა;

20 . ის თორმეტი ქვა, იორდანედან რომ ამოიღეს, გილგალში აღმართა იეშუამ.

21 . უთხრა ისრაელის ძეებს: "ოდესმე, რომ გკითხავენ თქვენი შვილები, ეს რა ქვებიაო,

22 . ასე აუწყეთ თქვენს ძეებს: მშრალად გადალახა-თქო ისრაელმა იორდანე.

23 . რადგან დააშრო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, იორდანეს წყლები თქვენ წინაშე, ვიდრე გადავლახავდით მას, როგორც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, წითელ ზღვას, რომელიც დააშრო ჩვენ წინაშე, ვიდრე არ გადავლახეთ;

24 . რათა დედამიწის ყველა ხალხმა გაიგოს უფლის ხელის ამბავი, რადგან ძლიერია იგი და მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.