იგავნი თავი 5

1 . შვილო, ჩემს სიბრძნეს მოუსმინე და ყური მიაპყარ ჩემს გონიერებას,

2 . რათა შეგეძლოს განსჯა და ცოდნის სადარაჯოზე იყვნენ შენი ბაგენი.

3 . რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთზე ნაზია მისი საუბარი.

4 . ნაღველივით მწარეა მისი ბოლო და ბასრი - ორლესული მახვილივით.

5 . სიკვდილში ჩადის მისი ფეხები, ქვესკნელისკენ მიემართება მისი ნაბიჯები.

6 . სიცოცხლის გზაზე არ ფიქრობს, არამყარია მისი გზები, ვერაფერი გაუგია.

7 . ახლა მე მომისმინეთ შვილებო და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს.

8 . შორს იყოს მისგან შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები,

9 . თორემ, სხვებს მისცემ შენს ძალას და წლებს შენსას - დაუნდობელს,

10 . შენი შეძლებით მეძავნი გაძღებიან და შენი ნაჯაფარით სახლი - უცხოტომელისა.

11 . ბოლოს კი აკვნესდები, როცა ჩამოგიხმება ხორცი და ტანი,

12 . იტყვი: "როგორ შევიძულე დარიგება და უკუაგდო შეგონება ჩემმა გულმა;

13 . არც ჩემს მასწავლებელს მოვუსმინე და არც ჩემს დამრიგებელს დავუგდე ყური.

14 . ლამის საბოლოოდ გავნადგურდი ხალხსა და კრებულში”.

15 . სვი წყალი შენი წყალსატევიდან და ნაკადული შენი ჭიდან,

16 . რად უნდა იღვრებოდეს შენი წყაროები ქუჩაში და წყლის ნაკადები - მოედნებზე?

17 . მხოლოდ შენი იყოს ისინი და არ შეგეზიარონ უცხონი.

18 . კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყმაწვილის ცოლით,

19 . მოსიყვარულე ფურ-ირმითა და მადლიანი ქურციკით. დაე, მისი მკერდი გარწყულებდეს ყოველთვის და მუდამ გიტაცებდეს მისი სიყვარული!

20 . შვილო, რად უნდა გატყვევებდეს უცხო ქალი და ეხვეოდე მკერდს უცხოტომელისას?

21 . რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზანი და მის ყველა ბილიკს ის სწონის.

22 . ბოროტეული საკუთარი ურჯულოებით იქნება შეპყრობილი და მისივე ცოდვის საბელებით შეიბოჭება.

23 . შეგონების გარეშე მოკვდება იგი და თავისი სიბრიყვის სიმრავლით დაიკარგება.