იგავნი თავი 31

1 . სიტყვანი მეფე ლემუელისა, რომლითაც მისი დედა არიგებდა:

2 . "რაო, ძეო ჩემო? რაო, ძეო ჩემი მუცლისა? რაო, ძეო ჩემი აღთქმებისა?

3 . ნუ შეალევ ქალებს შენს ძალას და შენს გზებს - მეფეთა დამღუპველებს!

4 . მეფეთ არ შეეფერებათ ლემუელ, მეფეთ არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს - მაგარ სასმელთა სიყვარული;

5 . თორემ დალევენ, დაივიწყებენ დადგენილებებს და გაამრუდებენ ჩაგრულთა სამართალს.

6 . მიეცით მაგარი სასმელი მომაკვდავს და ღვინო - სულგამწარებულს;

7 . რათა დალიოს და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და აღარ ახსოვდეს თავისი ტანჯვა!

8 . გახსენი პირი დამუნჯებულისთვის და ყოველი განწირულის დასაცავად,

9 . გახსენი პირი, განსაჯე სამართლიანად და დაიცავი გლახაკთა და გაჭირვებულთა უფლებები.

10 . გამრჯე ცოლს ვინ იპოვის? მარგალიტზე ძვირფასია იგი.

11 . დანდობილია მასზე მისი ქმრის გული და შემოსავალი არ მოაკლდება.

12 . სიკეთეს მიაგებს მას და არა ბოროტს, მთელი მისი ცხოვრების დღეებში.

13 . მატყლს და სელს მოიძევს და სიხარულით შრომობს თავისი ხელებით.

14 . სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი საზრდო.

15 . ღამიანად დგება, საკვებს აძლევს სახლეულს და საქმეზე აყენებს მხევალთ.

16 . იფიქრებს მინდორზე და შეიძენს მას, საკუთარ ხელთა მტევნით რგავს ვენახს.

17 . ძალას ისარტყლავს წელზე და მკლავებს იმაგრებს.

18 . ხვდება, რომ კარგია მისი მონაგები; ღამითაც არ ქრება მისი ლამპარი.

19 . იწვდენს ხელს სართავი ჯარასკენ და თითისტარს დაიჭერს.

20 . ხელს უმართავს ღარიბს და ხელს უწვდის გაჭირვებულს.

21 . არ შიშობს თავის სახლეულზე თოვლიანობისას, რადგან ძოწისფერითაა შემოსილი მთელი მისი სახლეული.

22 . ფარდაგებს იმზადებს, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი.

23 . ცნობილია მისი ქმარი კარიბჭეებთან და ქვეყნის უხუცესთა შორის ზის იგი.

24 . სელის ტანსაცმელს კერავს და ყიდის, სარტყლებით ამარაგებს ვაჭარს.

25 . ძალითა და ღირსებით არის შემოსილი და უღიმის მომავალს.

26 . სიბრძნით ხსნის პირს და კეთილი დარიგებაა მის ენაზე.

27 . თვალყურს ადევნებს თავისი სახლეულის სვლას და სიზარმაცის პურს არ ჭამს.

28 . დგებიან მისი შვილები და ლოცავენ მას, ქმარიც აქებს და ეუბნება:

29 . მრავალი ასული მოქცეულა სანაქებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!

30 . მაცდურია მომხიბვლელობა და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი განდიდებული იქნება!

31 . მიეცით საკუთარ ხელთა ნაყოფისაგან და საქმენი მისნი განადიდებენ მას კარიბჭეებთან”.