იგავნი თავი 2

1 . შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,

2 . ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს,

3 . რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე.

4 . რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.

5 . მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.

6 . რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,

7 . მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,

8 . იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.

9 . მაშინ მიხვდები, რა არის სთმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე.

10 . თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,

11 . გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,

12 . რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,

13 . სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,

14 . ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ,

15 . რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,

16 . რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,

17 . რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა,

18 . რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული.

19 . იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.

20 . რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო,

21 . რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.

22 . ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან.