ეკლესიასტე თავი 9

1 . ყოველივე ეს ჩავიდე ჩემს გულში და გამოვიკვლიე, რომ ღმერთის ხელთ არიან მართალნი და ბრძენნი თავ-თავიანთი საქმეებით, მაგრამ კაცმა არ იცის წინ რა ელოდება: სიყვარული თუ სიძულვილი.

2 . ერთი და იგივე მოსდის ყველას: ერთი ხვედრი აქვს მართალსა და ბოროტს, კეთილს, სპეტაკსა და მანკიერს, მსხვერპლთშემწირავს და იმას, ვინც მსხვერპლს არ სწირავს, როგორც პატიოსანს, ისე - ცოდვილს, დამფიცებელსა და ფიცის მოშიშარს.

3 . აი რა სიავეა იმ ყველაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება, ვინაიდან ერთი ხვედრი აქვს ყველას. ადამიანის ძეთა გული სავსეა ბოროტებით და სისულელით მათ სიცოცხლეში, შემდეგ კი კვდებიან.

4 . ვიდრე ცოცხალია კაცი, აქვს იმედი, ვინაიდან ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომს ჯობია.

5 . რამეთუ იციან ცოცხლებმა, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი აღარაფერი იციან და არც არა გასამრჯელო აქვთ, ვინაიდან დავიწყებულია მათი სახსენებელი.

6 . მათი სიყვარულიც, სიძულვილიც და შურიც უკვე გაქრა და საუკუნოდ აღარა აქვთ წილი არაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება.

7 . წადი, სიხარულში ჭამე შენი პური და გულმხიარულად სვი შენი ღვინო, რამეთუ ღმერთმა უკვე მოიწონა საქმენი შენი.

8 . ყოველ ჟამს თეთრი იყოს შენი ტანსაცმელი და ნელსაცხებელი არ მოაკლდეს შენს თავს.

9 . დატკბი შენს საყვარელ ცოლთან მთელი შენი წუთიერი ცხოვრების დღეებში, რომელიც მოგეცა შენ მზის ქვეშ, რადგან ესაა შენი წილი სიცოცხლესა და ჯაფაში, რასაც შრომობ ამ ქვეყანაზე.

10 . ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, გააკეთე შენი შეძლებისამებრ, ვინაიდან არაა საქმე, განზრახვა, ცოდნა და სიბრძნე საიქიოს, სადაც შენ მიდიხარ.

11 . ესეც ვიხილე მზის ქვეშ, რომ არც მკვირცხლთ აქვთ წარმატება სირბილში და არც ძლიერთ - ომში, არც ბრძენთ აქვთ პური და არც გონიერთ - სიმდიდრე და არც მცოდნეთ - მოწონება; ვინაიდან ყოველივე ჟამსა და შემთხვევაზეა დამოკიდებული.

12 . რამეთუ არც ადამიანმა იცის თვისი ჟამი: მსგავსად თევზებისა, ბოროტ ბადეში რომ ებმებიან და ფრინველებივით, მახეში რომ არიან გაბმულნი, ასე ებმებიან ხაფანგში ადამის ძენი მოულოდნელად თავსდატეხილ ბოროტ ჟამს.

13 . კიდევ ასეთი სიბრძნე ვიხილე მზის ქვეშ; რომელმაც გამაოცა მე:

14 . იყო პატარა ქალაქი, მცირე ხალხი ცხოვრობდა მასში; მოადგა მას დიდი მეფე და შემოარტყა მას გამაგრებული ალყა.

15 . გამოჩნდა მასში ღარიბი ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ აღარავის გახსენებია ის ღარიბი.

16 . და ვთქვი: "სიბრძნე სჯობს ძლიერებას!” მაგრამ ღარიბის სიბრძნეც აბუჩადაა აგდებული და მის სიტყვებს არ ისმენენ.

17 . ბრძენის მიერ მშვიდად ნათქვამი სიტყვები სჯობს, ბატონის ყვირილს ბრიყვთა შორის.

18 . საბრძოლო იარაღს სიბრძნე სჯობს, და ერთი გზას აცდენილი მრავალ კეთილს ღუპავს.