ეკლესიასტე თავი 3

1 . ყოველივეს დადგენილი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ცის ქვეშ:

2 . ჟამი გაჩენისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის ამოგლეჯისა;

3 . ჟამი მოკვლისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა;

4 . ჟამი მოთქმისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვისა;

5 . ჟამი ქვის გადაყრისა და ჟამი ქვათა შეგროვებისა; ჟამი ხვევნისა და ჟამი ხვევნისაგან შეკავებისა;

6 . ჟამი ძიებისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გადაგდებისა;

7 . ჟამი ხევისა და ჟამი კერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა;

8 . ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.

9 . რა სარგებელი აქვს მუშას თავისი ნაშრომისაგან?

10 . ვიხილე საქმენი, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანებს საკეთებლად.

11 . მან თავის დროზე, ყოველივე მშვენივრად შექმნა; თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, თუმცა, თავიდან ბოლომდე მაინც ვერ ჩაწვდება ადამიანი ღვთის ნამოქმედარს.

12 . ვიცი, რომ არ არის მათთვის იმაზე უკეთესი, ვიდრე მხიარულება და სიკეთის ქმნა თავის სიცოცხლეში.

13 . და თუ ვინმე ჭამს და სვამს და ხედავს სიკეთეს მთელ მის ნაშრომში, ეს ღვთის საჩუქარია.

14 . ვიცი, რომ ყოველივე, რასაც ღმერთი იქმს - საუკუნოდ რჩება, არც მიემატება მას და არც მოაკლდება. ღმერთმა დაადგინა ასე, რომ მისი ეშინოდეთ.

15 . რაც არის - უკვე იყო და რაც იქნება - უკვე ყოფილა; ღმერთი მოიძიებს გარდასულს.

16 . ესეც ვიხილე მზის ქვეშ: სამართლის ადგილას - უკანონობა, სიმართლის ადგილას - უმართლობაა.

17 . ვთქვი ჩემს გულში: "მართალსა და ბოროტს ღმერთი გაასამართლებს, რადგან ყველა მოვლენას და ყველა საქმეს თავისი ჟამი აქვს”.

18 . ვთქვი ჩემს გულში ადამის ძეებზე, რომ გამოცადა ისინი ღმერთმა, რათა ეჩვენებინა, რომ თავისთავად პირუტყვივით არიან ისინი.

19 . ვინაიდან ხვედრი ადამის ძეთა და ხვედრი პირუტყვისა - ერთნაირია: როგორც ერთი კვდება, ისე - მეორეც; ერთი სუნთქვა აქვს ყველას, და არ აღემატება ადამიანი პირუტყვს, ამიტომ ამაოებაა ყოველივე.

20 . ყველა ერთ ადგილზე მიდის, ყოველივე მიწისაგან წარმოიშვა და მიწასვე უბრუნდება.

21 . ვინ უწყის - ადის კი მაღლა ადამიანის ძეთა სული? ჩადის კი დაბლა მიწაში პირუტყვის სული?

22 . და მივხვდი, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარობდეს ადამიანი თვისი საქმით, ესაა მისი წილი, ვინაიდან - ვინ ამოიყვანს მას იმის სანახავად, თუ რა იქნება მას შემდეგ?