ეზრა თავი 6

1 . მაშინ გასცა ბრძანება მეფე დარიოსმა და მოძებნეს ბაბილონის წიგნთსაცავებში, სადაც საგანძური ინახებოდა.

2 . და იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის სასახლეში, ერთი გრაგნილი, რომელზეც ასე ეწერა: სამახსოვრო წიგნი.

3 . მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს განკარგულება გასცა მეფე კიროსმა ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: „დაე, აშენდეს სახლი იმ ადგილზე, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ; მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს სახლს, სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანე - სამოცი წყრთა;

4 . სამი წყება ლოდებისგან იყოს და ერთი წყება ახალი ძელებისგან; საფასურს მეფის სასახლე გადაიხდის.

5 . აგრეთვე ღვთის სასახლის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან დაბრუნდეს თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში და ღმერთის სახლში მოთავსდეს.

6 . და ახლა, თათენაი, მდინარისგაღმელო განმგებელო, შეთარ-ბოზნაი და მათო თანამოაზრენო, მდინარისგაღმელო მმართველებო, თავი დაანებეთ მათ!

7 . ხელს ნუ შეუშლით ღვთის სახლის მშენებლობას! ააშენონ იუდას განმგებელმა და იუდეველთა უხუცესებმა ღვთის სახლი თავის ადგილზე.

8 . განკარგულება გავეცი იმის თაობაზე, რა უნდა გაუკეთოთ იუდას უხუცესებს ღვთის სახლის ხელახლა ასაგებად: მეფის საგანძურიდან და მდინარის გაღმა აკრეფილი გადასახადებიდან დაუყოვნებლივ მიეცით ამ კაცებს სახარჯოდ, რომ არ შეფერხდეს საქმე.

9 . რაც კი სჭირდებათ: მოზვრები, ვერძები და კრავები ცათა ღმერთისთვის სრულადდასაწველის აღსავლენად, ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი, როგორც მოითხოვენ იერუსალიმის მღვდლები, ყოველდღიურად მიეცით მათ შეუფერხებლად;

10 . რათა შესწირონ სასურველი მსხვერპლები ცათა ღმერთს და ილოცონ მეფის და მისი ძეების დღეგრძელობისთვის.

11 . ასევე გავეცი განკარგულება, რომ თუ ვინმე დაარღვევს ამ ბრძანებას - გამოიღონ ძელი მისი სახლიდან, აღმართონ და ზედ ჩამოკიდონ იგი; მისი სახლი კი ნაგვის გროვად აქციონ ამის გამო.

12 . დაე ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, რომელიც ხელს აღმართავს ამ ბრძანების შესაცვლელად ან ღვთის სახლის დასანგრევად, რომელიც იერუსალიმშია. მე, დარიოსმა გავეცი განკარგულება და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს!”

13 . მაშინ თათენაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამოაზრეებმა, დარიოს მეფის მიერ გამოგზავნილი სიტყვა დაუყოვნებლივ აღასრულეს.

14 . აშენებდნენ ებრაელთა უხუცესნი და წარმატებას აღწევდნენ, ანგია წინასწარმეტყველისა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველების თანახმად. ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ბრძანებისამებრ; და კიროსის, დარიოსისა და ართახშასთას - სპარსეთის მეფეების ბრძანებისამებრ.

15 . დაასრულეს ეს ტაძარი ადარის თვის მესამე დღეს, ეს იყო მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელი.

16 . სიხარულით იდღესასწაულეს ღვთის სახლის მიძღვნა ისრაელის ძეებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა და დანარჩენმა ტყვედ ნამყოფმა ხალხმა.

17 . და შესწირეს ღვთის სახლის მიძღვნისას: ასი მოზვერი, ორასი ვერძი, ოთხასი კრავი; და თორმეტი ვაცი, მთელი ისრაელის ცოდვის შესაწირად, ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით.

18 . დააყენეს მღვდლები მათი დანიშნულების მიხედვით და ლევიანები თავიანთი რიგის მიხედვით, ღმერთის მსახურებისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია.

19 . და აღასრულა ტყვედნამყოფმა ხალხმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.

20 . რადგან ერთიანად განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანები, ყველანი წმიდები იყვნენ; და დაკლეს საპასექო მსხვერპლი ყველა ტყვედნამყოფი ხალხისთვის, თავიანთი მღვდელი ძმებისთვის და თავიანთთვის.

21 . ჭამეს პასექი გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისრაელის ძეებმა და ყველამ, ვინც განუდგა ქვეყნის ხალხების უწმიდურებას, რათა ეძებნათ უფალი, ისრაელის ღმერთი.

22 . შვიდ დღეს ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს, რადგან გაახარა ისინი უფალმა და მოაბრუნა მათკენ აშურის მეფის გული, რათა განემტკიცებინა მათთვის ხელი ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის მშენებლობისას.