ეზრა თავი 3

1 . როცა დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში დასახლდნენ, შეიკრიბა მთელი ხალხი იერუსალიმში, როგორც ერთი კაცი.

2 . ადგნენ იეშუა იოცადაკის ძე და მისი ღვთისმსახური ძმები, ზერუბაბელ შეალთიელის ძე და მისი ძმები და აუშენეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს მასზე სრულადდასაწველთა აღსავლენად, როგორც ეს მოსეს, ღვთის კაცის რჯულში იყო დაწერილი.

3 . იმისდა მიუხედავად, რომ გარშემო ქვეყანათა ხალხების შიში ჰქონდათ, თავისივე საძირკველზე დადგეს სამსხვერპლო და აღავლენდნენ მასზე სრულადდასაწველს; დილის და საღამოს სრულადდასაწველს.

4 . კარვობის დღესასწაულიც აღასრულეს, როგორც წერია და სწირავდნენ ყოველდღიურ სრულადდასაწველთ განსაზღვრული რაოდენობით, წესის მიხედვით, ყოველდღიური საჭიროებისამებრ.

5 . ამის შემდეგ მუდმივად აღავლენდნენ სრულადდასაწველს ახალმთვარობისას და უფლის ყოველ წმიდა დღესასწაულზე; ყველასთვის, ვინც კეთილი ნებით სწირავდა შესაწირს უფალს.

6 . მეშვიდე თვის პირველი დღიდან დაიწყეს უფლისთვის სრულადდასაწველთა აღვლენა, თუმცა უფლის ტაძრისთვის საძირკველი ჯერ არ იყო ჩაყრილი.

7 . ფული მისცეს ქვის მთლელებსა და ხუროებს, საჭმელ-სასმელი და ზეთი ციდონელებსა და ცორელებს, რათა ლიბანიდან კედარის ხეები მოეზიდათ ზღვით იაფოში, სპარსეთის მეფის, კიროსის მიერ მათთვის მიცემული ნებართვისამებრ.

8 . ღვთის სახლში, იერუსალიმში მათი მისვლიდან მეორე წლის მეორე თვეს დაიწყეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ და იეშუა იოცადაკის ძემ თავიანთ დანარჩენ ძმებთან, ტყვეობიდან იერუსალიმში მობრუნებულ მღვდლებთან და ლევიანებთან ერთად, მშენებლობა; ზედამხედველებად ოცი წლისა და უფროსი ლევიანები დააყენეს უფლის სახლის საქმეზე.

9 . დადგნენ იეშუა, მისი ძენი და ძმანი, კადმიელი და მისი ძენი, ჰოდავიას ძენი, აგრეთვე ხენადადის ძენი, მათი ძეები და ძმები, ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ღვთის ტაძარში მუშების ზედამხედველებად.

10 . საძირკველი რომ ჩაუყარეს უფლის ტაძარს მშენებლებმა, მღვდლები დააყენეს საყვირებით, თავიანთი სამოსით შემოსილნი და ლევიანები, ასაფის ძენი, წინწილებით, რათა დავითის, ისრაელის მეფის, წესისამებრ ედიდებინათ უფალი.

11 . აქებდნენ და ემადლიერებოდნენ უფალს. ამბობდნენ: „რადგან კეთილია იგი და უკუნისამდეა მისი წყალობა ისრაელზე!” ყიჟინას სცემდა მთელი ხალხი და მაღალი ხმით აქებდა უფალს, ღმერთის სახლის დაფუძნების გამო.

12 . მრავალი მოხუცი მღვდელი, ლევიანი და მამისსახლთა თავკაცი, ვისაც პირვანდელი ტაძარი ჰქონდა ნანახი, ხმამაღლა ტიროდა, როცა საძირკველი ჩაუყარეს ტაძარს მათ თვალწინ. ბევრი სიხარულით ყიჟინებდა.

13 . ასე რომ, ხალხი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა სასიხარულო ყიჟინისა და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდნენ და შორს ისმოდა მათი ხმა.