ეზეკიელი თავი 36

1 . "და შენ, ძეო კაცისავ! უწინასწარმეტყველე ისრაელის მთებს და უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფლის სიტყვა.

2 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ნათქვამი აქვს მტერს თქვენს წინააღმდეგ: აჰა, ჩვენი კუთვნილება გახდა მარადიული სიმაღლეები!

3 . ამიტომ იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმიტომ, სწორედ იმიტომ, რომ ყოველი მხრიდან ესწრაფვიან თქვენს გადაყლაპვას, რათა წარმართთა ნატამალი დაგეუფლოთ და გადაეცეთ მოლაპარაკეთა ბაგეთ და ენას, ხალხებში საძაგებლად,

4 . ამიტომ, მთებო ისრაელისა, ისმინეთ, ამბობს უფალი ღმერთი: ამას ამბობს უფალი ღმერთი, მთებსა და ბორცვებზე, კალაპოტებსა და ხეობებზე, აოხრებულ ნანგრევებსა და მიტოვებულ ქალაქებზე, რომლებიც ნადავლად და დასაცინად გახდნენ წარმართთა ნატამალისთვის, რომლებიც ირგვლივ არიან.

5 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: განა ჩემი შურისგების ცეცხლში არ წარმოვთქვი ამ ხალხების ნატამალსა და მთელ ედომზე, ჩემი ქვეყანა რომ სამემკვიდრეოდ მიითვისეს გულში სიხარულით და სულში სიძულვილით, რათა ნადავლად ექციათ იგი?!

6 . ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებსა და ბორცვებს, კალაპოტებსა და ხეობებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მე ჩემი შურისგებით ვილაპარაკე, რადგან ხალხთა სირცხვილი იტვირთეთ!

7 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ფიცით შევმართე ხელი, რომ თქვენს ირგვლივ მყოფი ერები, თვითონ იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს.

8 . თქვენ კი, მთანო ისრაელისა, გამოიზრდით ტოტებს და ნაყოფს მოუტანთ ჩემს ხალხს, ისრაელს, რადგან მალე მოვა იგი.

9 . რადგან, აჰა, მე ვზრუნავ თქვენზე და მოწყალებით გიყურებთ, რომ მოიხვნათ და დაითესოთ.

10 . გავამრავლებ თქვენზე ადამიანს, მთელ ისრაელის ხალხს, მთლიანად დასახლდებით, გამოცოცხლდება ქალაქები და აღდგება ნანგრევები.

11 . გავამრავლებ თქვენზე ადამიანსა და საქონელს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ. დაგაფუძნებთ წინანდებურად და პირვანდელზე უკეთესად იქნებით. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.

12 . მოგიყვანთ ადამიანებს, ჩემს ხალხს, ისრაელს და დაგეუფლებიან; იქნებით მათი სამკვიდრებელი და მეტად აღარ დარჩებით უშვილძიროდ.

13 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან გეუბნებიან, კაცთა მშთანმთქმელი და ერის უშვილოდ დამტოვებელი ხარო!

14 . ამიტომ აღარ შთანთქავ ადამიანებს და შენს ხალხს უშვილოდ აღარ დატოვებ! - ამბობს უფალი ღმერთი.

15 . აღარც ლანძღვას მოგასმენინებ ხალხთაგან, აღარც შერცხვენას იტვირთავ მათგან და შენს ხალხსაც მეტად აღარ დააბრკოლებ!” - ამბობს უფალი ღმერთი.

16 . კვლავ იყო სიტყვა უფლისგან ჩემდამი:

17 . "ძეო კაცისავ! თავისი საქციელით შებილწა ისრაელის სახლმა საკუთარი მიწა, რომელზეც ცხოვრობდა. წიდოვანის უწმიდურებასავით შეიქნა მათი გზა ჩემ წინაშე.

18 . და გადმოვღვარე ჩემი გულისწყრომა იმ სისხლის გამო, მიწაზე რომ დაღვარეს და თავიანთი კერპებით შებილწეს იგი.

19 . გავფანტე ისინი ხალხებში და განვაბნიე ქვეყნებში; მათი გზებისა და საქმეების მიხედვით განვიკითხე ისინი.

20 . მივიდნენ იმ ხალხებთან, ვისთანაც გავყარე და იქ შებღალეს ჩემი წმიდა სახელი, რადგან მათზე ამბობდნენ: ესენი უფლის ხალხია, მისი მიწიდან არიან გამოსულნიო.

21 . დავზოგე ჩემი წმიდა სახელი, ისრაელის სახლმა რომ შებღალა იმ ხალხებში, სადაც მივიდა.

22 . ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, იმ ხალხებში რომ შებღალე, სადაც მიხვედი.

23 . განვწმედ ჩემს დიად სახელს, ხალხებში შებღალულს, თქვენ რომ შებღალეთ მათ შორის და გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ უფალი! ამბობს უფალი ღმერთი, როცა მათ თვალწინ განვიწმიდები თქვენში.

24 . აგიყვანთ ხალხებიდან, შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.

25 . გასხურებთ წმიდა წყალს და გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბილწისგან; ყველა თქვენი კერპისგან გაგასუფთავებთ.

26 . ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.

27 . ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ.

28 . დამკვიდრდებით ქვეყანაში, თქვენს მამებს რომ მივეცი და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.

29 . მე გიხსნით ყველა თქვენი სიბინძურისგან, მოვუხმობ ხორბალს, გავამრავლებ და არ მოვაწევ თქვენზე შიმშილს.

30 . უხვად მოგცემთ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რათა მეტად აღარ ითმინოთ შიმშილის გამო შერცხვენა ხალხებში.

31 . გაგახსენდებათ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი საქმენი და შეგძაგდებათ საკუთარი თავი თქვენი ურჯულოებისა და სისაძაგლეების გამო.

32 . თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, ამბობს უფალი ღმერთი, გაიგეთ! თქვენი გზების გამო შეგრცხვეთ, სახლო ისრაელისა.

33 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს, ყველა თქვენი ურჯულოებისგან რომ განგწმედთ, დავასახლებ თქვენს ქალაქებს და კვლავ აღორძინდებიან თქვენი ნანგრევები;

34 . დამუშავდება გაპარტახებული მიწა, გაუდაბურებული რომ იყო ყოველი გამვლელის თვალში.

35 . იტყვიან: ედემის ბაღად იქცა ეს აოხრებული ქვეყანაო; ნანგრევები, დაუსახლებელი და დანგრეული ქალაქები გამაგრდება და დასახლდება.

36 . მიხვდებიან გარშემო შემორჩენილი ხალხები, რომ მე, უფალმა, აღვადგინე დანგრეული და დავრგე გაუდაბურებული! მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთებ!

37 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: ამაშიც ვუპასუხებ ისრაელის ტაძრის ლოცვას: ცხვარივით გავამრავლებ ხალხს.

38 . სამსხვერპლო ვერძებით, როგორც ცხვრით, ხომ ივსება სადღესასწაულო იერუსალიმი, ასე გაივსება დანგრეული ქალაქები ადამიანებით. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი”.