ებრაელთა თავი 3

1 . ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს,

2 . რომელიც თავისი განმწესებლის ერთგულია ისევე, როგორც მოსე მთელ მის სახლში.

3 . რადგან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია ისევე, როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის ამშენებელს;

4 . ვინაიდან ყოველ სახლს ვიღაც აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია.

5 . მოსეც ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახურს შეეფერება, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო;

6 . ხოლო ქრისტე - როგორც ძე მის სახლში; ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებასა და იმედის სიამაყეს.

7 . ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: "დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,

8 . ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,

9 . სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.

10 . ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა.

11 . ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”.

12 . თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.

13 . არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის "დღესო”, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით.

14 . ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე.

15 . ვიდრეღა ითქმის: "დღეს, როცა მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხისას”.

16 . ვინ იყო, რომ მოისმინა და აჯანყდა? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან?

17 . მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვის ჩამდენებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაიყარა?

18 . ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს?

19 . და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მართლა ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნოების გამო.