ებრაელთა თავი 10

1 . რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა ნამდვილი გამოსახულება ამ სიკეთისა, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები.

2 . თორემ შეწყვეტდნენ შესაწირს, ცოდვილი სინდისის არქონის გამო, ვინაიდან, ერთი შეწირვით განიწმიდებოდნენ შემწირველნი.

3 . მაგრამ ამ მსხვერპლებში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება.

4 . ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია.

5 . ამიტომ ამბობს წუთისოფელში მოსვლისას ქრისტე: "მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე, არამედ სხეული განმიმზადე მე.

6 . სრულადდასაწველნი და ცოდვების გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი.

7 . მაშინ ვთქვი: აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო”.

8 . როცა ზემოთ თქვა: არც მსხვერპლები, არც შესაწირი, არც ყოვლადდასაწველი, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რჯულის თანახმად რომ სწირავენ, არ გეწადა და არც იყოო შენთვის მოსაწონი,

9 . იქვე დასძინა: "აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო”. ამრიგად, იგი აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე.

10 . სწორედ ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი - იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.

11 . მღვდლები კი დგანან ყოველდღიურ მსახურებად და მრავალგზის სწირავენ ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელთაც არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა.

12 . მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისთვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ.

13 . მას შემდეგ კი ელის, ვიდრე მისი მტრები მის ფეხთა სადგამად მოექცევიან;

14 . რადგან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.

15 . სულიწმიდაც გვიმოწმებს ამას, ვინაიდან ნათქვამია:

16 . "აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ - ამბობს უფალი - დავწერ ჩემს რჯულს მათ გულებზე და ჩავდებ მათ გონებაში,

17 . და აღარ გავუხსენებ მათ თავიანთ ცოდვებსა და ურჯულოებას”.

18 . სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირი მათთვის.

19 . მაშ, ძმანო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით გაბედულება გვაქვს შევიდეთ წმიდათა წმიდაში,

20 . ჩვენთვის ბოძებული ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა, კრეტსაბმელით, - რაც მისი სხეულია,

21 . და მღვდელმთავრით ღვთის სახლზე,

22 . მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

23 . მტკიცედ მივყვეთ იმედის აღიარებას, ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია;

24 . ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის;

25 . ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, ზოგიერთებს რომ სჩვევიათ, არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას.

26 . ვინაიდან თუ კვლავ ნებსით ვცოდავთ მას მერე, რაც ჭეშმარიტების შემეცნება მივიღეთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვისთვის,

27 . არამედ განკითხვის შემაძრწუნებელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისთვის გამზადებული აგიზგიზებული ცეცხლი.

28 . თუკი ვინმე, მოსეს რჯულის უარმყოფელი, ორი ან სამი კაცის მოწმობით, შეუწყალებლად ისჯება სიკვდილით,

29 . როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა, წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს?

30 . რადგან ვიცნობთ ამ სიტყვის მთქმელს: "მე მეკუთვნის შურისგება და სამაგიეროს მიზღვა” და კიდევ: "განიკითხავს უფალი თავის ხალხს”.

31 . შემაძრწუნებელია ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა!

32 . გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა სინათლე მოგეფინათ და მრავალი ტანჯვა დაითმინეთ.

33 . ერთი მხრივ, შეურაცხყოფასა და ჭირში იყავით სხვათა სასეიროდ ქცეული, მეორე მხრივ კი მათ თანაუგრძნობდით, ვისაც იგივე დაემართა.

34 . ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რაკი იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ზეცაში.

35 . მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს.

36 . მოთმინება გესაჭიროებათ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.

37 . ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტა და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს, არ დააყოვნებს.

38 . ვინაიდან ჩემი მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას.

39 . ჩვენ კი უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად.