დანიელი თავი 10

1 . სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს; ჭეშმარიტი იყო ეს სიტყვა და დიდ ომს შეეხებოდა; ჩაწვდა იგი ამ სიტყვას და მიხვდა ამ ჩვენებას.

2 . იმ დღეებში მე, დანიელი, მგლოვიარედ ვიყავი სამი კვირა:

3 . გემრიელ საჭმელს არ ვჭამდი, ხორცი და ღვინო არ მიჰკარებია ჩემს პირს და არც რაიმე მიცხია თავზე სამი კვირის შესრულებამდე.

4 . პირველი თვის ოცდამეოთხე დღე იყო; დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი.

5 . აღვაპყარ თვალები, გავიხედე და, აჰა, კაცი, სელის ტანსაცმლით შემოსილი, წელზე კი უფაზის ოქრო ჰქონდა შემორტყმული.

6 . ტანი იასპივით ჰქონდა, სახე - ელვასავით, თვალები - ცეცხლოვანი ლამპრებივით, მკლავები და ფეხები - მოელვარე სპილენძივით, ხოლო ლაპარაკი - როგორც მრავალი ხალხის ხმა.

7 . მხოლოდ მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა; იმ ხალხმა კი ჩემთან ერთად რომ იყო, ვერაფერი დაინახა, მაგრამ დიდმა შიშმა შეიპყრო ყველანი და დასამალად გაიქცნენ.

8 . მარტოდ დავრჩი და ვიხილე ეს დიადი ხილვა, თუმცა ძალა აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.

9 . მისი ხმა შემომესმა და გავიგონე თუ არა მისი სიტყვები, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვედამხობილს.

10 . და, აჰა, ხელი შემეხო და წამომაყენა აცახცახებული მუხლებსა და ხელის გულებზე.

11 . მითხრა: "დანიელ, პატივდებულო კაცო! ჩაუკვირდი სიტყვებს, რომლებსაც გეტყვი და დადექი შენს ადგილზე, რადგან წარმოგზავნილი ვარ ახლა შენთან”. ეს სიტყვები რომ მითხრა, კანკალით წამოვდექი.

12 . კვლავ მითხრა: "ნუ გეშინია, დანიელ, რადგან პირველივე დღიდან, როცა შენი გული გონიერებას დაუთმე და თავი დაიმდაბლე შენი ღმერთის წინაშე, შესმენილ იქნა შენი ლოცვები და მოვედი შენი სიტყვის საპასუხოდ.

13 . მაგრამ სპარსეთის სამეფოს მთავარი მეწინააღმდეგებოდა ოცდაერთი დღე. და აჰა, მიქაელი, ერთ-ერთი პირველი მთავართაგან, მოვიდა ჩემს დასახმარებლად და იქ დავტოვე იგი სპარსეთის მეფესთან.

14 . მოვედი რომ გაგაგებინო, რა შეემთხვევა შენს ხალხს უკანასკნელ დღეებში, რადგან შორეული მომავლის დღეებს ეხება ეს ხილვა”.

15 . ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა, პირქვე დავემხე მიწაზე და დავმუნჯდი.

16 . და, აჰა, შემეხო ბაგეებზე კაცის ძის მსგავსი, გავხსენი პირი, ავლაპარაკდი და ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: "ბატონო! ამ ხილვის გამო შიგნეული ამემღვრა და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.

17 . როგორ შეუძლია ჩემი ბატონის მსახურს ილაპარაკოს ჩემს ბატონთან, როცა აღარც ძალა მაქვს და აღარც სუნთქვა დარჩა ჩემში?”

18 . კვლავ შემეხო ადამიანის მსგავსება და გამამაგრა.

19 . მითხრა: "ნუ გეშინია, სათნო კაცო! მშვიდობა შენდა! განმტკიცდი და გამხნევდი!” როცა მელაპარაკებოდა, განვმტკიცდი და ვუთხარი: "ილაპარაკე ჩემო ბატონო, ვინაიდან გამამაგრე”.

20 . მითხრა: "თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა კი სპარსეთის მთავართან საბრძოლველად ვბრუნდები და, აჰა, საბერძნეთის მთავარიც მოვა.

21 . თუმცა გაგიმხელ ჭეშმარიტების წერილში ჩაწერილს: არავინაა, ვინც ამ საქმეში შემეწევა, გარდა მიქაელისა, თქვენი მთავრისა”.