გამოსვლა თავი 34

1 . უთხრა უფალმა მოსეს: "გამოთალე პირველთა მსგავსად ქვის ორი დაფა და დავწერ იმ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც პირველ დაფებზე ეწერა, შენ რომ დაამსხვრიე.

2 . მზად იყავი განთიადისთვის; ამოდი დილას სინაის მთაზე და იქ, მთის წვერზე დადექი ჩემთან

3 . არავინ გამოგყვეს და ნურც ვინმე გამოჩნდება მთელ მთაზე, არც ცხვარმა და ძროხამ მოძოვოს ამ მთის წინ”.

4 . და გამოთალა მოსემ პირველთა მსგავსად, ქვის ორი დაფა, ადგა სისხამ დილით და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა; ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.

5 . ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.

6 . გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: "უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი.

7 . უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.

8 . ისწრაფა მოსემ, მიწამდე მოიდრიკა და თაყვანი სცა უფალს.

9 . თქვა: "ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ”.

10 . თქვა უფალმა: "აჰა, ვდებ აღთქმას; და ისეთ სასწაულებს მოვახდენ მთელი შენი ხალხის წინაშე, რომელიც არცერთ ერში არ მომხდარა მთელ დედამიწაზე; და დაინახავს ყველა ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, უფლის საქმეებს, რომელთა მოხდენასაც გიპირებ, რადგან შიშისმომგვრელია ისინი.

11 . დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს. აჰა, განვდევნი შენგან ამორელებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.

12 . გაფრთხილდი, კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან, რომელშიც შეხვალ, რათა მახედ არ გექცეს.

13 . დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები.

14 . რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.

15 . კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რადგან, როგორც კი იმეძავებენ თავ-თავისი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ თავის ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათი საკლავისგან.

16 . მოუყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეებს და როგორც კი მათი ასულნი თავ-თავისი ღმერთების კვალზე იმეძავებენ, შენი ძეებიც იმეძავებენ მათი ღმერთების კვალზე.

17 . ნუ გაიკეთებ ჩამოსხმულ ღმერთებს.

18 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; ხმიადი ჭამე შვიდი დღე, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან.

19 . ყოველი მამრი, საშოს პირველგამღები ჩემია და ასევე ყოველი პირველმონაგები ხვადი შენი ჯოგიდან, მოზვერი იქნება თუ კრავი.

20 . პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, მაშინ ქედი გადაუმტვრიე; ყოველი პირმშო შენს ძეებში უნდა გამოისყიდო. არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე ხელცარიელი.

21 . ექვსი დღე იმუშავე, მეშვიდე დღეს კი დაისვენე; ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე.

22 . იზეიმე შვიდეულის დღესასწაული: პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული, წლიდან წლამდე.

23 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.

24 . განვდევნი შენგან ერებს, განვავრცობ შენს საზღვრებს და აღარავინ დაეხარბება შენს ქვეყანას, თუ წარსდგები სამჯერ წელიწადში უფლის, შენი ღმერთის წინაშე.

25 . ნუ დამიღვრი ჩემი შესაწირის სისხლს საფუარიან პურზე და ნუ მოიტოვებ საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს დილამდე.

26 . შენი მიწის რჩეული, პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში”.

27 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაიწერე ეს სიტყვები, ვინაიდან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენც და ისრაელსაც”.

28 . და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.

29 . სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.

30 . დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.

31 . დაუძახა მათ მოსემ და დაბრუნდა მასთან აჰარონი თემის ყველა მთავართან ერთად. ელაპარაკა მათ მოსე.

32 . ამის შემდეგ მიუახლოვდა ყველა ისრაელიანი და ამცნო მათ ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა სინაის მთაზე.

33 . დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი და ჩამოიფარა სახეზე რიდე.

34 . როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე; გამოსვლისას კი ამცნობდა ისრაელიანებს, რაც უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები.

35 . ხედავდნენ ისრაელის შვილები, რომ უბრწყინავდა მოსეს სახე; და ჩამოიფარებდა ხოლმე რიდეს სახეზე, სანამ კვლავ უფალთან მივიდოდა სალაპარაკოდ.