გამოსვლა თავი 2

1 . წავიდა ერთი კაცი ლევის ტომიდან და ლევიანი ქალი შეირთო ცოლად.

2 . დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი. დაინახა, რომ მშვენიერი იყო ბავშვი და მალავდა სამ თვეს.

3 . დამალვა რომ ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კალათა, შეგლისა კუპრითა და ფისით, შიგ ყრმა ჩააწვინა და ლერწმიანში, ნილოსის პირას დადო.

4 . ხოლო ყრმის და მოშორებით დადგა, რომ გაეგო, რა მოხდებოდა.

5 . ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მოახლენი კი მდინარის ნაპირზე მიმოდიოდნენ. დაინახა ლერწმიანში კალათა და გაგზავნა თავისი მოახლე მოსატანად.

6 . გახსნა და ბავშვი დაინახა; აჰა, ტირის ყრმა; შეიბრალა იგი და თქვა: "ებრაელის ბავშვია”.

7 . და უთხრა ყრმის დამ ფარაონის ასულს: "წავიდე და დავუძახო შენთვის ებრაელ ძიძას, რათა მან გამოგიკვებოს ეს ყრმა?”

8 . უთხრა ფარაონის ასულმა: "წადი”. წავიდა გოგო და დაუძახა ყრმის დედას.

9 . უთხრა ფარაონის ასულმა: "წაიყვანე ეს ყრმა, ძუძუ აწოვე და გასამრჯელოს მოგცემ”. ქალმაც წაიყვანა და აწოვებდა ძუძუს.

10 . გაიზარდა ყრმა და მიუყვანა ფარაონის ასულს და გახდა იგი ფარაონის ასულის ძე; და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: "რადგან წყლიდან ამოვიყვანე იგი”.

11 . გავიდა დრო, გაიზარდა მოსე. გამოვიდა თავის ძმებთან და ნახა მათი მძიმე ყოფა; ხედავს, ერთი ეგვიპტელი ებრაელს, მის თვისტომს, სცემს.

12 . მიიხედ-მოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა.

13 . გამოვიდა მეორე დღეს და აჰა, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა მოძალადეს: "რად სცემ შენიანს?”

14 . მიუგო მოძალადემ: "ვინ დაგადგინა ჩვენს მთავრად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ იმ ეგვიპტელივით?” შეეშინდა მოსეს და თქვა: "გამჟღავნებულა ეს ამბავი”.

15 . ფარაონმაც შეიტყო ეს ამბავი და შეეცადა მოსეს მოკვლას; მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს, მივიდა მიდიანის ქვეყანაში და ჩამოჯდა ერთ ჭასთან.

16 . შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოვიდნენ, ამოხაპეს წყალი და აავსეს გობები მამისეული ფარის დასარწყულებლად.

17 . მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე, გამოესარჩლა და ფარაც დაურწყულა.

18 . მოვიდნენ ქალები რეღუელთან, თავ-თავის მამასთან. ჰკითხა მამამ: "ასე ადრიანად რატომ დაბრუნდით დღეს?”

19 . მიუგეს: "ერთმა ეგვიპტელმა კაცმა დაგვიცვა მწყემსებისგან, წყალიც ამოგვიხაპა და ფარაც დაარწყულა”.

20 . უთხრა თავის ასულებს: "სად არის? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ”.

21 . და გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. კაცმა კი თავისი ასული, ციფორა მიათხოვა ცოლად.

22 . და უშვა ქალმა ძე, რომელსაც გერშომი დაარქვა მოსემ, რადგან თქვა: "მწირი ვიყავი უცხო ქვეყანაში”.

23 . გავიდა დიდი დრო და მოკვდა ეგვიპტის მეფე; და ისე კვნესოდნენ დამონებული ისრაელის შვილები, რომ მათი გოდება ღმერთს მისწვდა.

24 . გაიგონა ღმერთმა მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.

25 . მოხედა ღმერთმა ისრაელის შვილებს და იცნო ღმერთმა ისინი.