გამოსვლა თავი 17

1 . მწყობრად დაიძრა ისრაელიანთა მთელი თემი სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკა რეფიდიმში, სადაც არ იყო წყალი, ხალხისთვის სასმელად.

2 . ამიტომ წაეჩხუბა ხალხი მოსეს. ეუბნებოდნენ: "მოგვეცით წყალი დასალევად”. უთხრა მათ მოსემ: "რად მეჩხუბებით? რატომ ცდით უფალს?”

3 . სწყუროდა ხალხს წყალი, ებუზღუნებოდნენ მოსეს და ამბობდნენ: "რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი საქონლის წყურვილით მოსაკლავად?”

4 . და შეჰღაღადა მოსემ უფალს: "რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ”.

5 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიარე ხალხის წინ და თან გაიყოლე ისრაელის უხუცესები. ხელში აიღე კვერთხი, რომლითაც მდინარეს დაჰკარი და წადი.

6 . აჰა, მე ვიდგები იქ შენს წინაშე, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გადმოსკდება მისგან წყალი, რათა დალიოს ხალხმა”. ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ.

7 . და ეწოდა იმ ადგილს სახელად მასახი და მერიბახი, ისრაელის ძეთა შუღლისა და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: "არის კი ჩვენს შორის უფალი თუ არა?”

8 . მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.

9 . უთხრა მოსემ იეშუას: "გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად; დავდგები ხვალ ბორცვის თხემზე და ღვთის კვერთხი მექნება ხელში”.

10 . ისე მოიქცა იეშუა, როგორც მოსემ უთხრა და შეებრძოლა ყამალეკს, ხოლო მოსე, აჰარონი და ხური ბორცვის თხემზე ავიდნენ.

11 . როცა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი, ხოლო როცა დაუშვებდა, ყამალეკი სძლევდა.

12 . დაუმძიმდა მოსეს ხელები; აიღეს ლოდი, ქვეშ დაუდეს და დაჯდა მასზე, ხოლო აჰარონმა და ხურმა ხელები დაუჭირეს, ერთმა ერთი და მეორემ მეორე მხრიდან. მზის ჩასვლამდე მტკიცე იყო მისი ხელები.

13 . დაამარცხა იეშუამ ყამალეკი და მისი ხალხი მახვილის პირით.

14 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაწერე ეს სამახსოვრო წიგნში და შთააგონე იეშუას, რომ პირწმინდად აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცის ქვეშეთიდან”.

15 . ააგო მოსემ სამსხვერპლო და უწოდა მას სახელად "იაჰვე-ნისი”

16 . და თქვა: რადგან დაიფიცა უფალმა, ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.