გამოსვლა თავი 16

1 . გაემგზავრნენ ელიმიდან და მივიდა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმისა და სინაის შორისაა; ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა.

2 . ებუზღუნებოდა ისრაელის ძეთა ყოველი თემი მოსესა და აჰარონს უდაბნოში.

3 . უთხრეს ისრაელის შვილებმა: "ნეტავ მომკვდარიყავით უფლის ხელით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და პურს ძღომამდე ვჭამდით! თქვენ გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტოთ მთელი კრებული”.

4 . უთხრა უფალმა მოსეს: "აჰა, ზეციდან პურს ვაწვიმებ თქვენთვის; გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი სჯულით.

5 . და მეექვსე დღეს, როცა მოტანილს მოამზადებენ, იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად აგროვებენ”.

6 . უთხრეს მოსემ და აჰარონმა ისრაელის ყველა შვილს: "საღამოს გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.

7 . დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა უფალმა; ჩვენ ვინა ვართ, რომ შემოგვჩივით?”

8 . და თქვა მოსემ: "მოგცემთ უფალი ხორცს საღამოს საკვებად, დილას კი პურს ძღომაზე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, რომლითაც დრტვინავდით მის წინააღმდეგ; ჩვენ კი ვინა ვართ? ჩვენი კი არა, უფლის წინააღმდეგაა თქვენი დრტვინვა”.

9 . უთხრა მოსემ აჰარონს: "უთხარი ისრაელის ძეთა მთელ თემს: წარსდექით უფლის წინაშე, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა”.

10 . და როდესაც ელაპარაკებოდა აჰარონი ისრაელის ძეთა მთელ თემს, შებრუნდნენ უდაბნოსკენ და, აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში.

11 . უთხრა უფალმა მოსეს:

12 . "ვისმინე ისრაელის ძეთა ჩივილი; ასე უთხარი მათ: მწუხრის ჟამს ხორცს შეჭამთ, დილას კი პურით გაძღებით. და გაიგებთ რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.

13 . მოფრინდა საღამოხანს მწყერი და დაფარა ბანაკი, განთიადზე კი ცვარი ეფინა ბანაკის გარშემო.

14 . როდესაც ცვარი აორთქლდა, ნახეს უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი ყრია, ჭირხლის მსგავსი.

15 . დაინახეს ისრაელის შვილებმა და ჰკითხეს ერთმანეთს: "რა არის ეს?” რადგან არ იცოდნენ, რა იყო. უთხრა მათ მოსემ: "ეს პურია, რომელიც უფალმა მოგცათ საკვებად.

16 . ასე ბრძანა უფალმა: "აკრიფოს თითოეულმა იმდენი, რამდენსაც შეჭამს - ღომერი თითო სულზე, თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ”.

17 . ასე მოიქცნენ ისრაელიანები, ზოგმა ბევრი აკრიფა და ზოგმა ცოტა.

18 . არწყეს ღომერით, ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ აღმოჩენია და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია. თითოეულმა იმდენი აკრიფა რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.

19 . უთხრა მათ მოსემ: "ნურავინ მოიტოვებს ნარჩენებს დილამდე”.

20 . მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე დაიტოვეს; დაეხვია ნარჩენებს მატლი და ამყრალდა. და განურისხდა მათ მოსე.

21 . და აგროვებდნენ დილდილობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა.

22 . მეექვსე დღეს ორჯერ მეტი პური შეაგროვეს, ორ-ორი ღომერი თითოეულზე და მივიდა თემის ყველა მთავარი და აუწყეს მოსეს.

23 . უთხრა მათ: "აი, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათი; რასაც გამოაცხობთ, გამოაცხეთ და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ დილისთვის შეინახეთ”.

24 . მათაც მოიტოვეს დილამდე, როგორც ბრძანა მოსემ, არც ამყრალდა და არც მატლი გასჩენია.

25 . უთხრა მოსემ: "ჭამეთ დღეს, რადგან უფლის შაბათია. დღეს ვერაფერს იპოვით ველზე.

26 . ექვს დღეს აგროვეთ, მეშვიდე დღეს კი - შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს”.

27 . და აი, მეშვიდე დღეს ზოგიერთი გავიდა ასაკრეფად, მაგრამ ვერ იპოვეს.

28 . უთხრა უფალმა მოსეს: "როდემდე უნდა არღვევდეთ ჩემს მცნებებსა და რჯულს?

29 . იცოდეთ, შაბათი რომ მოგცათ უფალმა, ამიტომ მოგცათ მეექვსე დღეს ორი დღის პური; იჯდეს თითოეული თავისთან, არავინ არსად გავიდეს მეშვიდე დღეს”.

30 . და ისვენებდა ხალხი მეშვიდე დღეს.

31 . უწოდა ისრაელის სახლეულმა მას სახელი - მანნა: ქინძის თესლივით თეთრი იყო და თაფლის კვერის გემო ჰქონდა.

32 . თქვა მოსემ: "ასე ბრძანა უფალმა: აავსე ღომერი მანნით, თაობიდან თაობამდე შესანახად, რათა იხილონ პური, რომლითაც გკვებავდით უდაბნოში, როცა გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან”.

33 . უთხრა მოსემ აჰარონს: "აიღე ერთი ქილა და ჩადგი შიგ სავსე ღომერი მანნა და დადგი უფლის წინაშე შესანახად თაობიდან თაობამდე”.

34 . როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე ჩადგა იგი აჰარონმა მოწმობის კიდობნის წინ შესანახად.

35 . ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელის ძენი მანნას, სანამ დასახლებულ მიწამდე მივიდოდნენ; მანნას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ.

36 . ღომერი კი ეფის მეათედია.