გამოსვლა თავი 12

1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს ეგვიპტის ქვეყანაში:

2 . "თვეთა დასაბამად იყოს თქვენთვის ეს თვე; პირველი იყოს ის თქვენთვის წლის თვეებში.

3 . ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე.

4 . და თუ კრავის შესაჭმელად მცირერიცხოვანია სახლეული, მაშინ შეუამხანაგდეს კარის მეზობელს სულადობისამებრ; ივარაუდეთ, ვინ რამდენს შეჭამს.

5 . უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.

6 . შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა.

7 . აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ.

8 . იმ ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი; ხმიადებით და მწარე მწვანილეულით ჭამონ იგი.

9 . არ ჭამოთ უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი - თავფეხიანად და შიგნეულიანად.

10 . დილისთვის ნურაფერს მოირჩენთ; თუ დარჩა რამე - ცეცხლში დაწვით.

11 . ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.

12 . გავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და გავგმირავ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და განვსჯი ეგვიპტის ყოველ ღმერთს. მე ვარ უფალი.

13 . იყოს ის სისხლი თქვენს სახლებზე ნიშნად, სადაც იმყოფებით; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით, არ მოგეკარებათ შემმუსვრელი სენი, როცა განვგმირავ ეგვიპტის ქვეყანას.

14 . დაე, იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული უფლისა თქვენს თაობებში; სამარადისო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.

15 . შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. საფუარი პირველი დღიდანვე არ გააჩეროთ სახლებში, რადგან ყოველი სული, ვინც პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე გაფუებულ პურს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელისგან.

16 . პირველ დღეს წმიდა შეკრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა შეკრება გექნებათ: არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეებში; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.

17 . დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.

18 . პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან, იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე ჭამეთ ხმიადი.

19 . შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში; რადგან ყოველი, ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემისგან - ხიზანი იქნება თუ ქვეყნის მკვიდრი.

20 . საფუარიანი არაფერი ჭამოთ; და ყველგან, სადაც იქნებით, ხმიადი ჭამეთ”.

21 . მოიწვია მოსემ ისრაელის ყველა უხუცესი და უთხრა: "წადით, აიყვანეთ კრავნი თქვენი სახლეულისთვის და დაკალით პასექი.

22 . აიღეთ უსუპის კონა, ამოაწეთ სისხლიან ჯამში და სცხეთ სისხლი რომელიც ჯამშია კარის ზედა ძელს და ორივე წირთხლს. დილამდე არავინ გახვიდეთ სახლიდან.

23 . რადგან უფალი გაივლის ეგვიპტის შესამუსრად, იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე, და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და უფლებას არ მისცემს გამანადგურებელს თქვენს შესამუსრად შემოვიდეს თქვენს სახლებში.

24 . წესად დაიცავთ ამას, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შვილებისთვის სამარადისოდ.

25 . და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, იქაც დაიცავთ ამ მსახურებას.

26 . და იქნება, რომ გკითხავენ თქვენი შვილები: ეს რა მსახურება გაქვთ?

27 . ეტყვით: ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისთვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის შვილთა სახლებს ეგვიპტეში, როდესაც შემუსრა მან ეგვიპტე და გადაარჩინა ჩვენი სახლები”. და მოიდრიკა ხალხი და თაყვანი სცა.

28 . წავიდნენ ისრაელის შვილები და აღასრულეს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს, ისე აღასრულეს.

29 . და შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან, საპყრობილეში მყოფი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.

30 . ადგნენ ღამით ფარაონი თავის მორჩილებთან ერთად და ყველა ეგვიპტელი; და იყო დიდი გოდება ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ.

31 . ღამითვე იხმო ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ისრაელის შვილები, წადით და ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით.

32 . თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელიც წაასხით, როგორც ამბობდით; წადით და მეც მაკურთხეთ”.

33 . და აიძულებდნენ ეგვიპტელები ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ამბობდნენ, ყველანი დავიხოცებითო.

34 . წაიღო ხალხმა თავისი ცომი, სანამ გაფუვდებოდა, ვარცლები სამოსლით შეკრეს და ზურგზე მოიკიდეს.

35 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელის შვილები, ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.

36 . მადლი აპოვნინა უფალმა თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში და ათხოვეს, რაც ითხოვეს; ასე გაძარცვეს ეგვიპტელნი.

37 . და გაემგზავრნენ ისრაელის ძენი რაყმესესიდან სუქოთისკენ, ექვსასი ათასამდე ფეხოსანი მამაკაცი, გარდა ბავშვებისა.

38 . უცხოტომელთა მრავალრიცხოვანი ბრბო გამოვიდა მათთან ერთად და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ფრიად დიდი ჯოგი.

39 . და გამოაცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისგან ხმიადის კვერები. ცომი არ იყო გაფუებული, რადგან სწრაფად განდევნეს ეგვიპტიდან; საგზლის გასამზადებლადაც კი ვერ დაყოვნდნენ.

40 . ოთხასოცდაათი წელია ისრაელის ძეთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი.

41 . ოთხასოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.

42 . მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. უნდა იდღესასწაულონ ეს ღამე ისრაელის ძეებმა თაობიდან თაობაში.

43 . და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აჰა, დადგენილება პასექისა: უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.

44 . ფულით ნაყიდმა ყოველმა მსახურმა ჭამოს, მას შემდეგ, რაც წინადაცვეთ.

45 . ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს.

46 . ერთ სახლში უნდა შეიჭამოს; სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ ეს ხორცი და ძვლები არ დაამტვრიოთ.

47 . ისრაელის მთელმა თემმა დაიცვას ეს წესი.

48 . თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და მოინდომა უფლის პასექის გამზადება, წინადაიცვითოს მისმა ყოველმა მამაკაცმა და მერე შეუდგეს წესის შესრულებას; და შეირაცხება იგი ქვეყნის მკვიდრად; წინადაუცვეთელმა არავინ ჭამოს.

49 . ერთი სჯული ჰქონდეს მკვიდრსა და მდგმურს თქვენ შორის”.

50 . და გააკეთეს ყოველივე ისრაელის შვილებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს.

51 . სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან რაზმებად ისრაელის შვილები.