ბარუქი თავი 5

1 . 1. განიძარცვე, იერუსალიმო, სამოსელი შენი გლოვისა და სიმძიმილისა და ღვთის დიდების მშვენება შეიმოსე საუკუნოდ. 2. მოისხი ორმაგი მოსახხამი ღვთისმიერი სიმართლისა და დაიდგი თავზე საუკუნო დიდების შარავანდი. 3. რადგან ღმერთი ყველას უჩვენებს შენს ბრწყინვალებას ცისქვეშეთში. 4. რადგან შენ ღვთის მიერ საუკუნოდ დაგერქმევა სახელი: მშვიდობა სიმართლისა და დიდება ღვთისნიერებისა. 5. აღდექ, იერუსალიმო, და შედექი მაღალზე, გახედე აღმოსავლეთს და იხილე შენი ვაჟები, წმიდის სიტყვით შეკრებილნი მზის დასავალიდან აღმოსავლამდე, რომ ღმერთმა გაიხსენა ისინი. 6. რადგან შენგან ფეხით გავიდნენ მტრების მიერ წაყვანილნი, მაგრამ შემოიყვანს მათ ღმერთი დიდებაში, როგორც სამეფო ტახტზე. 7. რადგან ყველა მაღალ მთასა და მარადიულ ბორცვს დამდაბლება უბრძანა უფალმა, ხევებს კი ამოვსება მიწის დასავაკებლად, რათა ისრაელმა უშიშრად იაროს ღვთის დიდებაში; 8. ხოლო ჭალებმა და ყოველმა კეთილსურნელოვანმა ხემ ისრაელს მოუჩრდილეს ღვთის ბრძანებით; 9. რადგან წარუძღვება ღმერთი ისრაელს სიხარულით თავისი დიდების ნათელში თავისი წყალობითა და სიმართლით.