ბარუქი თავი 1

1 . 1. ეს არის სიტყვები წიგნისა, რომელიც ბარუქმა, ძემ ნერეიასი, ძისა მაყასეიასი, ძისა ციდკიასი, ძისა ხასადიასი, ძისა ხილკიასი, დაწერა ბაბილონში 2. მეხუთე წელს, თვის მეშვიდე დღეს, იმ დროს, როცა ქალდეველებმა იერუსალიმი აიღეს და ცეცხლში დაწვეს. 3. წაიკითხა ბარუქმა ამ წიგნის სიტყვები იექონიას, იუდას მეფის იეჰოაკიმის ძის, გასაგონად, და მთელი ხალხის გასაგონად, რომელიც მოვიდა წიგნის მოსასმენად. 4. ძალმოსილთა, უფლისწულთა, უხუცესთა გასაგონად და მთელი ხალხის, პატარიდან დიდამდე, ყველას გასაგონად, ვინც კი ბაბილონში, მდინარე სუდის ნაპირას ცხოვრობს. 5. ტიროდნენ, მარხულობდნენ და ლოცულობდნენ ღვთის წინაშე; 6. შეკრიბეს ვერცხლი, ვის რამდენი შეეძლო, 7. და გაუგზავნეს იერუსალიმში იეჰოაკიმს, ძეს ხილკიასი, ძისა შალუმისა, მღვდელმთავარს, მღვდლებს და მთელ ხალხს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა იერუსალიმში. 8. მიიღო ბარუქმა ტაძრიდან გამოტანილი უფლის სახლის ჭურჭელი იუდას ქვეყანაში დასაბრუნებლად სივანის მეათე დღეს, ჭურჭელი ვერცხლისა, რომელიც გააკეთა ციდკიამ, იუდას მეფის, იოშიას ძემ, 9. მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადაასახლა იექონია, მთავრები და ტყვეები, ძალმოსილნი და ქვეყნის ერი იერუსალიმიდან და ბაბილონში წაიყვანა. 10. თქვეს: აჰა, გიგზავნით ვერცხლს და იყიდეთ ვერცხლით საკლავი აღსავლენისთვის და ცოდვებისთვის, და საკმეველი, გაამზადეთ საძღვნო შესაწირავი და მიიტანეთ ჩვენი უფლის სამსხვერპლოზე. 11. ილოცეთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის სიცოცხლისათვის და ბალთასარისა, მისი ძის სიცოცხლისათვის, რათა იყოს მათი დღეები, როგორც ცის დღეები დედამიწაზე; 12. და უფალი მოგვცემს ჩვენ ძალას და გაგვინათლებს თვალებს და ვიცხოვრებთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ჩრდილქვეშ და ბალთასარის, მისი ძის ჩრდილქვეშ და დავემორჩილებით მათ მრავალ დღეს და ვპოვებთ სიხარულს მათ წინაშე. 13. ილოცეთ ჩვენთვისაც უფლის, ჩვენი ღვთის წინაშე, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს და დღემდე არ უკუქცეულა უფლის გულისწყრომა და მისი რისხვა ჩვენგან. 14. წაიკითხეთ ეს წიგნი, რომელსაც გიგზავნით უფლის სახლში გამოსაცხადებლად დღესასწაულის დღეს და დაწესებულ დღეებში. 15. თქვით: უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ კი პირზე სირცხვილი გვაქვს, როგორც დღეს იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრებს, 16. ჩვენს მეფეებს და ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს და ჩვენს წინასწარმეტყველებს, და ჩვენს მამა-პაპას, 17. რადგან შევცოდეთ უფლის წინაშე 18. და არ დავემორჩილეთ მას და არ შევისმინეთ უფლის, ჩვენი ღვთის ხმა, რომ გვევლო უფლის მცნებებით, რომლებიც გამოაცხადა ჩვენს წინაშე. 19. იმ დღიდან, როცა უფალმა ჩვენი მამა-პაპა გამოიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, ამ დღემდე ურჩნი ვიყავით უფლის, ჩვენი ღვთის წინაშე და არ გვაწუხებდა, რომ არ ვისმენდით მის ხმას. 20. აგვეწება ჩვენ, ისევე როგორც დღეს, უბედურებანი და წყევლა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს, თავის მორჩილს, იმ დღეს, როცა გამოიყვანა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნადან, რათა მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება. 21. არ შევისმინეთ უფლის, ჩვენი ღვთის, ხმა იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებში, რომელნიც ჩვენთან გამოგზავნა. 22. დავდიოდით თითოეული საკუთარი უკეთური გულის კარნახით უცხო ღმერთების სამსახურში და ბოროტებას ჩავდიოდით უფლის, ჩვენი ღვთის თვალში.