ტობითი თავი 14

1 . 1. დაასრულა ტობითმა აღსარება. 2. ორმოცდათვრამეტი წლისა იყო, როცა დაკარგა თვალისჩინი და რვა წლის მერე აეხილა თვალი. გაიღო მრავალი მოწყალება და შეემატა უფლის, ღვთის შიში და მოწიწება მისდამი. 3. ღრმად მოხუცდა და მოუხმო თავის ძეს მისი შვილებითურთ და უთხრა: შვილო, წაიყვანე შენი შვილები. აჰა, მოვხუცდი და ვეთხოვები სიცოცხლეს. 4. წადი მიდიაში, შვილო, რადგან მჯერა, რაც იონა წინასწარმეტყველმა თქვა ნინევეზე, დაემხობაო იგი. მიდიაში კი მშვიდობა იქნება, ვიდრე ჟამი მოუწევდესო, ჩვენი ძმები მადლიანი ქვეყნიდან განიფანტებიანო, იერუსალიმი გაუკაცრიელდება და გადაიბუგება ღვთის სახლი და უკაცრიელი იქნება, ვიდრე არ მოვაო მისი ჟამი. 5. მერე კვლავ შეიწყალებს მათ ღმერთი და დააბრუნებს აღთქმულ მიწაზე და ააშენებენ სახლს, არა წინანდელის მსგავსს, ვიდრე საუკუნის დრო-ჟამი ამოიწურებოდეს. ამის შემდეგ დაბრუნდებიან ტყვეობიდან და ააშენებენ იერუსალიმს პატიოსნად, აშენდება მასში ღვთის სახლი საუკუნის ყოველი მოდგმისთვის - დიდებული სახლი, როგორც ამას გვაუწყებენ წინასწარმეტყველნი. 6. ყოველი ხალხი მოიქცევა უფლის, ღვთის შიშისკენ ჭეშმარიტებით, დაამხობენ თავიანთ კერპებს და განადიდებს ყოველი ხალხი უფალს. 7. მისი ერი აღიარებს ღმერთს და აღამაღლებს უფალი თავის ერს და გაიხარებენ უფლის, ღვთის ყოველნი მოყვარულნი ჭეშმარიტებითა და სიმართლით, მოწყალების გამღებნი ჩვენი ძმებისთვის. 8. ახლა, შვილო: წადი ნინევედან, რადგან ჭეშმარიტად აღსრულდება, რაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა იონამ. 9. ხოლო შენ დაიცავი რჯული და მცნებები და იყავი მოწყალებისა და სიმართლის მოყვარული, რათა შენც კარგად იყო. დამარხე დედაშენიც ჩემთან ერთად და ნუღარ დაყოვნდები ნინევეში. 10. იცოდე, შვილო, რა გაუკეთა ჰამანმა აქიაქაროსს, თავის გამზრდელს, ნათელიდან წყვდიადში რომ შეიყვანა იგი. როგორ მიეზღო მას: აქიაქაროსი გადარჩა, მას კი საკადრისად მიეზღო - ჩავიდა შავეთში. მენაშემ გაიღო მოწყალება და გადაურჩა აქიაქაროსი სიკვდილის მახეს, რომელიც მისთვის იყო დაგებული, ჰამანი კი გაება მახეში და დაიღუპა. 11. ახლა შვილო: ხომ ხედავ რა ძალა აქვს მოწყალებას და როგორ იხსნის კაცს სამართალი. ამას რომ ამბობდა, დასტოვა იგი სულმა სარეცელზე. ას ორმოცდათვრამეტი წლისა იყო და პატივით დამარხეს იგი. 12. როცა მოკვდა ხანა, დამარხა ტობიამ იგი მამამისთან ერთად, და წავიდა თავისი ცოლ-შვილითურთ ეკბატანაში რაღუელთან, თავის სიმამრთან. 13. მიაწია ღირსეულ სიბერემდე და პატივით დამარხა თავისი სიმამრი და დაიმკვიდრა მისი და მამამისის, ტობითის ქონება. 14. მოკვდა ას ოცდა შვილი წლისა მიდიის ეკბატანში. 15. ვიდრე მოკვდებოდა, ეუწყა მას დაღუპვა ნინევესი, რომელიც წარტყვევნეს ნაბუქოდონოსორმა და ახაშვეროშმა. სიკვდილამდე გაიხარა ნინევეს ტყვეობაზე.