ტობითი თავი 10

1 . 1. ტობითი კი, მამამისი, თითოეულ დღეს ითვლიდა. რომ ამოიწურა მგზავრობის დღეები და არ მოდიოდა ტობია, 2. თქვა: იქნებ დააბრკოლეს სადმე? ან იქნებ მოკვდა გაბაელი და არავინაა ვერცხლის გადამხდელი? 3. და შეწუხდა ძლიერ. 4. ხოლო ცოლმა უთხრა: დაღუპულია ჩვენი შვილი, ამიტომაც აგვიანებს. და დაიწყო მისი დატირება. თქვა: 5. არ ფიქრობდი ჩემზე, შვილო, თან რომ გაიყოლე ჩემი თვალის ჩინი? 6. უთხრა ტობითმა: გაჩუმდი, ნურაფერს იტყვი. ჯანმრთელადაა. 7. უპასუხა ხანამ: გაჩუმდი, ნუ მატყუებ, დაიღუპა ჩემი შვილი. გამოდიოდა ყოველდღე გარეთ, გზაზე, რომელსაც დაადგა ტობია. დღისით პურს არ ჭამდა და ღამით განუწყვეტლივ ტიროდა ტობიაზე, ვიდრე არ დასრულდა ქორწილის თოთხმეტი დღე, რომელიც ტობიას ფიცის თანახმად რაღუელთან უნდა დაეყო. 8. უთხრა ტობიამ რაღუელს: გამიშვი, რადგან მამაჩემს და დედაჩემს აღარა აქვთ ჩემი ხილვის იმედი. 9. უთხრა სიმამრმა: დარჩი ჩემთან და კაცს გავგზავნი მამაშენთან და მიუტანს მას შენს ამბავს. ტობიამ თქვა: არა, მე გამგზავნე მამაჩემთან. 10. ადგა რაღუელი და მისცა მას სარა, მისი ცოლი და ქონების ნახევარი - მსახურნი, საქონელი და ვერცხლი. 11. დაულოცა მათ გზა, თქვა: გაკურთხოთ თქვენ, შვილებო, ზეციერმა ღმერთმა ჩემს სიკვდილამდე. 12. უთხრა თავის ასულს: პატივი მიაგე შენს მამამთილს და დედამთილს, ისინი არიან ახლა შენი მშობლები. დაე, კარგი მესმოდეს შენზე. და აკოცა მას. 13. უთხრა ყადნამ ტობიას: საყვარელო ძმაო, შენი მფარველი იყოს ზეციერი უფალი, დაე, მახილვინოს შენი შვილები სარასაგან, ჩემი ასულისაგან, რათა დავლოცო ისინი უფლის წინაშე. აჰა, გაბარებ ჩემს ასულს ნუ აწყენინებ მას. 14. ამის შემდეგ დაადგა გზას ტობია, ღვთის მაკურთხეველი, რადგან კეთილად წარმართა ღმერთმა მისი მგზავრობა. და გამოეთხოვა რაღუელს და ყადნას, მის ცოლს.