გამოცხადება თავი 1

1 . გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.

2 . რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვა, იესო ქრისტეს მოწმობა და ყოველივე, რაც იხილა.

3 . ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა დრო.

4 . იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის; და შვიდი სულისგან, მისი ტახტის წინაშე რომ არიან;

5 . და იესო ქრისტესგან, რომელიც ერთგული მოწმეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი; მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან;

6 . და გვქმნა ჩვენ სამეფოდ, და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისთვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

7 . აჰა, მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; და აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ!

8 . "მე ვარ ანი და ჰაე - ამბობს უფალი ღმერთი - ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”.

9 . მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესო ქრისტეს ჭირში, მეფობასა და მოთმინებაში; ვიყავი კუნძულზე, პატმოსი რომ ჰქვია, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისთვის.

10 . სულში ვიყავი უფლის დღეს და უკნიდან შემომესმა დიდი ხმა, მსგავსი საყვირის ხმისა.

11 . მითხრა: "მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოში, სმირნაში, პერგამოში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში”.

12 . მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე ოქროს შვიდი სალამპრე.

13 . ხოლო შვიდ სალამპრეს შორის ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც მოსასხამი ემოსა და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა.

14 . მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი; თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.

15 . მისი ფეხები, როგორც ქურაში გავარვარებული სპილენძი, ხოლო მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური.

16 . მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი; და მისი სახე იყო როგორც მზე, თავისი ძლიერებით მბრწყინავი.

17 . ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: "ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,

18 . და ცოცხალი; მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე; მე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები.

19 . დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.

20 . რაც შეეხება შვიდი ვარსკვლავის საიდუმლოს, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და ოქროს შვიდ სალამპრეს: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სალამპრე შვიდი ეკლესიაა”.