1 . პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი, და ძმა ტიმოთე, ფილიმონს, ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამშრომელს,
2 . ასევე აპფიას, საყვარელ დას, და არქიპოსს, ჩვენს თანამებრძოლს და ეკლესიას შენს სახლში:
5 . მესმის რა შენი სიყვარული და რწმენა, უფალ იესოსა და ყველა წმიდანის მიმართ რომ გაქვს,
6 . ვლოცულობ, რათა ქმედითი იყოს შენი რწმენის გაზიარება, რომ სრულად შეიცნო ყველა ის სიკეთე, რაც ჩვენშია ქრისტესთვის,
7 . რადგან დიდი სიხარული და ნუგეში გვაქვს შენს სიყვარულში, ვინაიდან შენით გახალისდნენ წმიდანთა გულები, ძმაო.
8 . ამიტომ, თუმცა ქრისტეში მაქვს დიდი სითამამე, რომ გიბრძანო, რისი ქმნაც გმართებს,
9 . მაგრამ უფრო გთხოვ სიყვარულით, არა ვინმე სხვა, არამედ მე, მოხუცებული პავლე, ახლა კი პატიმარიც, ქრისტე იესოსთვის;
10 . გთხოვ ჩემს შვილ ონისიმეზე, რომელიც ჩემს ბორკილებში ვშვი.
11 . იგი ოდესღაც გამოუსადეგარი იყო შენთვის, ახლა კი გამოსადეგია შენთვისაც და ჩემთვისაც.
12 . გიგზავნი მას, ხოლო შენ მიიღე იგი, როგორც ჩემი გული.
13 . მინდოდა ჩემთან დამეყენებინა იგი, რათა შენს მაგივრად მომმსახურებოდა სახარების ბორკილებში.
14 . მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ნაძალადევი კი არა, ნებაყოფლობითი ყოფილიყო.
15 . ვინაიდან იქნებ იმიტომ დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი,
16 . ოღონდ უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე მეტი, როგორც საყვარელი ძმა, განსაკუთრებით ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის - ხორციელადაც და უფალშიც.
17 . მაშ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, მიიღე იგი, ვითომც მე ვიყო.
18 . თუ რამე გაწყენინა ან მართებს, მე მომკითხე.
19 . მე, პავლე, ჩემი ხელით ვწერ ამას: მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ შენ თავად მოვალე ხარ ჩემი.
20 . მაშ ასე, ძმაო, ნება მომეცი ვისარგებლო შენგან უფალში. გაახალისე ჩემი გული ქრისტეში.
21 . შენი მორჩილების იმედით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეტსაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ.
22 . ამასთან ერთად ბინაც გამიმზადე, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ მოგეცემით თქვენი ლოცვით.
23 . მოგიკითხავენ ეპაფრა, ჩემი თანაპატიმარი ქრისტე იესოსთვის,
24 . მარკოზი, არისტარქოსი, დემასი და ლუკა - ჩემი თანამშრომლები.
25 . ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულს, ამინ!