1 . პავლე, ღმერთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული, ღვთის რჩეულებს რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,
2 . საუკუნო სიცოცხლის იმედით, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნეთა უწინ.
3 . მაგრამ თავის დროზე გამოაცხადა თავისი სიტყვით, ქადაგებაში, რომელიც მე მომენდო ჩვენი მაცხოვარი ღმერთის ბრძანებით.
4 . ტიტეს, ჩემს ნამდვილ შვილს საერთო რწმენაში, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისგან და ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტესგან.
5 . იმიტომ დაგტოვე კრეტაში, რომ დაასრულო დასასრულებელი და ხუცესები დააყენო ყველა ქალაქში, როგორც მე დაგავალე:
6 . თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი და ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელი.
7 . ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის სახლმმართველი, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარული.
8 . არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა და თავშეკავებული,
9 . სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და მოწინააღმდეგეთა მხილება.
10 . ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,
11 . რომლებსაც პირი უნდა აეკრათ: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, რადგან სამარცხვინო ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ.
12 . ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე წინასწარმეტყველმა, თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ბოროტი მხეცები, უქნარა სტომაქები.
13 . ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით მკაცრად ამხილე ისინი, რათა საღნი იყვნენ რწმენაში.
14 . ყურად არ იღონ იუდეველთა ზღაპრები და იმ კაცთა მცნებანი, ვინც განერიდა ჭეშმარიტებას.
15 . წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა; ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც.
16 . ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, ვინაიდან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისთვის.